არქივი

რა არის შენი დევიზი?

ამას წინ ვწერდი, რომ რეკლამის შესახებ სემინარზე ვიყავი-მეთქი. გარდა იმისა, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, ერთი ძალიან კარგი ფსიქოლოგიური  ტესტიც გაგვაკეთებინეს. ამ ტესტმა აღმაფრთოვანა მართლა 🙂 ზოგადად, ასეთი ტესტები ძალიან მიყვარს, ინტერნეტში ვეძებ ხოლმე და ვაკეთებ და მერე ინტერესით ვეცნობი შედეგებს 😀 თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი არასოდეს ემთხვევა და მაინცდამიანც სერიოზულად არც ღირს პასუხების მიღება თუ აღქმა 😛

ახლა ჯერ გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ტესტი. მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, დაჯექით მოხერხებულად 🙂 და დაიწყეთ. დავალება არის ასეთი – სიტყვა “შემოქმედების” გახსენებაზე, რა ასოციაციები გიჩნდებათ? რა არის თქვენთვის შემოქმედება?  გირჩევთ, არ წაიკითხოთ პოსტი ბოლომდე, რომ ამან რაიმე გავლენა არ იქონიოს ტესტის შედეგზე. ამიტომ რასაც წაიკითხავთ, თან პარალელურად გააკეთეთ 🙂

  • ჩამოწერეთ ვერტიკალურად 16 სიტყვა, რომელიც გაგივლით თავში და უკავშირდება შემოქმედებას. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი არ უნდა იფიქროთ. რაც გაგახსენდებათ, ეგრევე ჩაწერეთ.
  • შემდეგ ამ 16 სიტყვიდან უნდა მიიღოთ რვა. რას აკეთებთ ამისთვის – პირველი და მესამე სიტყვები დააკავშირეთ ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ერთი სიტყვა ანუ დაწერეთ  ამ ორი სიტყვის წაკითხვაზე რა ასოციაცია გიჩნდებათ. და ასე მიყევით – პირველი და მესამე, მეორე და მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე,მეექვსე და მერვე და ა.შ.
  • როცა მიიღებთ 8 სიტყვას, შემდეგ ანალოგიური მეთოდით მიიღეთ 4 სიტყვა;
  • 4 სიტყვიდან მიიღეთ 2.
  • ორი სიტყვისგან მიიღეთ ერთი სიტყვა. საინტერესოა რა სიტყვა მიიღეთ 🙂
  • ახლა კი დახუჭეთ თვალები და ამ ერთი სიტყვის გამოყენებით ჩამოაყალიბეთ წინადადება. ბევრი არ იფიქროთ, უბრალოდ ამ სიტყვაზე რა ასოციაციაც გაგიჩნდებათ, ჩამოაყალიბეთ წინადადებად და დაწერეთ.

ახლა კი დახედეთ ფურცელს – მიღებული წინადადება არის თქვენი მოწოდება, თქვენი დევიზი, ფრაზა, რომელსაც თქვენი შინაგანი “მე” აღიარებს და მიიჩნევს სწორად.

როცა მე გავაკეთე ეს ტესტი, არ ვიცოდი რა უნდა მიგვეღო, ხოდა ძალიან ბუნებრივად და ჩემდა უნდებურად ბოლო 4 სიტყვა მივიღე “ფილმი, წიგნი, სახლი, სივრცე” 🙂 შემდეგ ამ ოთხიდან მივიღე “სიმყუდროვე” და “სავარძელი”. ეს ორი სიტყვა კიდევ სხვას რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა სახლს 😀 ხოდა ჩემი ბოლოს მიღებული სიტყვა იყო “სახლი”. წინადადების შედგენა რომ გვთხოვეს, არც მიფიქრია, ავტომატურად დავწერე “ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიამგრეა” 😀 და მერე რომ დავხედე, ჩემ თავზე გამეცინა 😀 ტიპიური კირჩხიბის დევიზი მივიღე 😀 მივიღე ის ფრაზა, რომელიც მართლა მახასიათებს მე და მართლა არის ჩემთვის სრული ჭეშმარიტება 🙂

ახლა თქვენც გაგიზიარეთ ჩემი შთაბეჭდილება 🙂 თუ არ დაგეზარათ და გააკეთეთ ტესტი, თქვენი მიღებული წინადადება გაგვიმხილეთ 🙂

Advertisements

პატივცემული Google და მისი ოჯახი

არ მეგულება ინტერნეტის მომხმარებელი, რომელსაც, ერთხელ მაინც, დახმარებისთვის Google-სთვის არ მიემართოს. Google-ის ხსენებაზე უმრავლესობას საძიებო სისტემა ახსენდება, მაგრამ ,სინამდვილეში, ეს ბრენდი თავისი სახელის ქვეშ სხვა უამრავ საჭირო და გამოსადეგ პროდუქტს აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ Google ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველანი მშვიდად და თანასწორად ცხოვრობენ 🙂

ეს ოჯახი თავისი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა 🙂 უკმაყოფილო ვინმე მათგან იშვიათად მიდის – შესაშური მასპინძლობა იციან, დაუღალავი და დაუზარელი 😀 თან ძალიან ჭკვიანები არიან – ყველა სფეროში არიან გაბნეულები და რა საკითხი უნდა იყოს, რომ პასუხი არ ჰქონდეთ 🙂 ამიტომაც მათთან ყველა მეგობრობს, პატივს სცემენ და აფასებენ 😀 მეც ერთ-ერთი რიგით ფანი ვარ 😉 ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ, მისი უდიდებულესობა Google და მისი ოჯახი 🙂

მოდით, ასაკიდან დავიწყოთ 🙂 თქვენ Google ვინმე “დიდი ძია” გგონიათ??? მაშინ ცდებით 🙂 სინამდვილეში არც ისე დიდია – 13 წელი სულ ახლახანს შეუსრულდა 🙂 თინეიჯერია 😀 მაგრამ პრობლემური ასაკი, ჯერ-ჯერობით, მასზე გავლენას ვერ ახდენს და ისევ ისეთ ბეჯითი და ნიჭიერია 😀 დღეს Google-ის საძიებო სისტემაზე აღარ შევჩერდები, მასზე უკვე გიამბეთ, უფრო მისი ოჯახი მინდა წარმოგიდგინოთ 🙂

Google-ს ბევრი შვილები ჰყავს, ახლავე გაგაცნობთ მათ –

Gmail  –  უფასო ელექტრონული ფოსტა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. მე Gmail-ს პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ ვერ ვმეგობრობთ 😦 ინტერფეისს ვუწუნებ 😛

Google Chrome  –  ვებ-ბრაუზერი, რომელიც ერთ-ერთ უსწრაფეს ბრაუზერად ითვლება. შექიმნა 2008 წელს.

–  Google Earth –  3D ვირტუალური გლობუსი, მუდმივად განახლებადი სურათებით და ინფორმაციით. შეიქმნა 2004 წელს.

–  Picasa – ციფრული ფოტოების ორგანიზაციის და დამუშავების პროგრამა, ძალიან მოსახერხებელი და მარტივი 🙂 მიყვარს ❤ განსაკუთრებით მხიბლავს მისი ის ფუნქცია, რომ Picasa-ს ვერაფერს გამოაპარებ 😀 თუ კი კომპიუტერში სადღაც რაღაც ფოლდერში ფოტო გეგდო და აღარც გახსოვდა ის ფოტო თუ კი არსებობდა, ისე ამოგიქექავს და გამოგიტანს, რომ არც კი დაგეკითხება 😀 Google ფლობს 2004 წლიდან.

Android – ოპერატიული სისტემა სმარტფონებისა და ე.წ. “ტაბლეტებისთვის”. შეიქმნა 2003 წელს.

Blogger – ბლოგის შესაქმენლი პლატფორმა. Google-მა შეიძინა 2003 წელს.

–  Google Maps –  მსოფლიოს ონლაინ რუკა. შეიქმნა 2004 წელს.

–  Google Reader –  ვებ-საიტებიდან ახალი პოსტების გამოსაწერი სისტემა. შეიქმნა 2005 წელს.

–  Google Docs – დოკუმენტების შესაქმენლი ონლაინ სისტემა. შეიქმნა 2005 წელს.

 –  Google Wallet – ვირტუალური ელექტრონული საფულე, რომელიც ანდროიდის სისტემის მქონე სმარტფონეზე ფუნქციონირებს. შექიმნა 2011 წელს.

Youtube –  ვიდეო პორტალი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება 😀 შეიქმნა 2005 წელს და მომდევნო წელს Google-მა შეიძინა.

 – Google AdSense – Google-ის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც  საიტის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარ გვერდზე რეკლამის განთავსება. შეიქმნა 1998 წელს, Google-მა შეიძინა 2003 წელს.

Google Calendar – ვებ-აპლიკაცია, რომელიც დღის, კვირის, თვის, წლის გეგმის შედგენის საშუალებას იძლევა. შეიქმნა 2006 წელს.

iGoogle – Google-ის პერსონალური საწყისი გვერდი, რომელსაც მომხმარებელი თავად ქმნის Gadget-ებით. შექიმნა 2005 წელს.

  Google +  –   Google-ის სოციალური ქსელი. შეიქმნა 2011 წელს.

Picnik – ციფრული ფოტოების დასამუშავებელი ონლაინ პროგრამა. დაარსდა 2005 წელს, Google-მა შეიძინა 2010 წელს.

Google Books –  Google-ის დასკანერებული წიგნების ონლაინ ბაზა. შეიქმნა 2004 წელს.

Google Translate – უფასო ონლაინ თარჯიმანი. თარგმნის 57 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. გამოვიდა 2006 წელს.

Google Talk – Google-ის ჩატი. შეიქმნა 2005 წელს.

და ეს ყველაფერი არ არის, მე არ გამიმახვილებია ყურადღება პროგრამებზე, რომელიც, მაგალითად, პროგრამისტებს სჭირდებათ – Google Code Search, Google Webmaster Tools, Google Web Toolkit, Google Website Optimizer, Google App Engine, Google Analytics და ა.შ.და ასეთი პროგრამა უამრავია.

ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანი ოჯახი  ყველას უნდა 😀 შთამბეჭდავია სიაა, არა? 😀

Web 2.0

ინტერნეტი – ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ინფორმაციის განთავსება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. თავდაპირველად გლობალურ ქსელში მხოლოდ პროგრამისტების მიერ მომზადებულ მასალებს შეხვდებოდით, თუმცა თანდათან ეს მიდგომა შეიცვალა და დღეს უკვე არსებობს საიტები. რომელთაც მთლიანად მომხმარებლები ქმნიან, ასეთი საიტები კი უამრავია, მაგალითად Wikipedia, Youtube, WordPress, Blogspot, Facebook და ა.შ.

იმისათვის, რომ ერთმანეთისგან გაემიჯნათ ეს ორი ეპოქა :), 2004 წელს O’Reilly Media და  MediaLive internationale-ის თანამშრომლებმა ერთობლივ კონფერენციაზე გამოიყენეს სიტყვა Web2.0, რაც ნიშნავს, რომ თუ კი აქამდე ინტერნეტში ინფორმაციას მხოლოდ პროგრამისტები ანთავსებდნენ, ახლა საიტის “კონტენტის” შექმნა მომხმარებლებსაც შეეძლოთ.

დღეს Web 2.0-ის პრინციპების მიხედვით მუშაობს ისეთი მსხვილი ინტერნეტ-მაღაზიები, როგორებიც არიან Amazon.com და Ebay.com. ეს საიტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში. ასევე ნებისმიერი სოციალური ქსელი აგებულია ამავე სტანდარტებზე – თავისთავად ცხადია ასე პოპულარულ Facebook-ს სწორედ მისი “იუზერები” ხდიან საინტერესოს. თავად საიტების ადმინისტრატორები ცდილობენ, რომ მომხმარებლები თავად ჩართონ ინტერაქციაში, რადგანაც ითვლება, რომ რომელიმე პროდუქტის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის მიერ შეფასება უფრო სანდოა მკითხველისთვის, ვიდრე რეკლამა ან ექსპერტის დასკვნა. ამიტომაც არის, რომ თუნდაც იგივე Amazon-ზე მომხმარებლები პროდუქტის ქვემოთ ტოვებენ საკუთარ კომენტარს, სადაც აფასებენ რამდენად გამოსადეგია ის ნივთი. კიდევ ერთი მაგალითი, ცნობილი ფილმების მონაცემების უდიდესი ბაზის Imdb-ის საიტზე ფილმის მაყურებლები ტოვებენ თავიან “Review-ებს”, სადაც განმარტავენ თუ რამდენად საინტერესოა ის კონკრეტული ფილმი.

Web 2.0 არის ინტერნეტის განვითარების ახალი საფეხური, რომელმაც უფრო მეტად საინტერესო გახადა ვირტუალური სამყარო. მისი მეშვეობით ადამიანებს მიეცათ სრული თავისუფლება გამოეჩინათ მეტი აქტიურობა გლობალურ ქსელში, თუმცა კარგი იქნება, თუ ამ შესაძლებლობას ბოროტად არ გამოვიყენებთ და ჩვენ მიერ განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო და საჭირო იქნება სხვებისთვისაც 😀

P.S. უკვე მეოთხე პოსტია, რომელსაც ინტერნეტ ტექნოლოგიების შესახებ ვწერ 😀 ეს ჩვენი დავალებებია, რომელსაც ჯიპაში ვიღებთ. ბოდიში ყველას, ვისაც თავი მოვაწყინე ამ თემით, 😀 თუმცა ვფიქრობ, რაიმე საინტერესოს აუცილებლად გაიგებდით. 🙂

Any question? Ask Google!


რომელ საძიებო სისტემას მიმართავთ, როდესაც ინტერნეტში რაიმეს ეძებთ? დიდი ალბათობაა, რომ თქვენი პასუხი იყოს Google 🙂 თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ თქვენ ჩემნაირი და კიდევ ძალიან ბევრნაირი ადამიანის მსგავსი ყოფილხართ 😀 პირად მაგალითს მოვიყვან – როდესაც Google-ში რაიმეს ვეძებ, არასოდეს მომდის თავში იდეა, რომ ეს ინფორმაცია სხვა საძიებო სისტემაშიც, მაგალითად Yahoo-ზეც მოვძებნო. არადა, თეორიულად არის შანსი, რომ Yahoo-მაც არანაკლებ სასარგებლო საიტები მომაწოდოს.

თუ დაფიქრებულხართ როგორი მნიშვნელოვანია საძიებო სისტემები? ინტერნეტი დღეს განუზომლად პოპულარულია. ეს არის ქსელი, რომელიც მილიონობით ვებ-გვერდს და პორტალს აერთიანებს. რაც უფრო მეტი საიტი იქმნება, მით უფრო მატულობს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციების სიმრავლე. დღეს უკვე არ არის დარჩენილი თემა და საკითხი, რომელზეც ადამიანი ვირტუალურ სამყაროში ინფორმაციას ვერ მოიძიებს. ვებ-გვერდების სიმრავლემ და ჭარბმა ინფორმაციამ კი ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება გაართულა, თავისთავად ცხადია, ინტერნეტში ღირებულთან ერთად, ხშირად არასაჭირო და სრულიად უსარგებლო ინფორმაციებსაც ვაწყდებით. ამიტომაც არის, რომ დღეს ხშირად ინტერნეტს „ინფორმაციულ ნაგავსაც“ უწოდებენ.

Google კონკურენტებს შეჭმით ემუქრება 😀

ფაქტია, რომ ადამიანებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ იკთხონ ყველანაირი ინფორმაცია და მის გადახარისხებაში დრო დაკარგონ. მათ, ზოგ შემთხვევაში, არც იციან სად მოძებნონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამისთვის არსებობს საძიებო სისტემები, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს გაუადვილდეთ სასურველი საიტის მოძებნა და ინფორმაციის გადახარისხება.

პირველი საძიებო სისტემა 1989 წელს ალან ემტეიჯმა შექმნა, თუმცა ის არ იყო დღევანდელი საძიებო სისტემების მსგავსი. მის მიერ შექმნილი პროგრამა ირთვებოდა ავტომატურად და მხოლოდ მონაცემთა ბაზის სისტემატიზაციას ახდენდა. პირველი სრულყოფილი საძიებო სისტემა ემტეიჯმა 1991 წელს შექმნა, ეს იყო Archie, რომელიც მალე საკმაოდ პოპულარული გახდა.


დღეს საძიებო სისტემებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზე  უდავოდ Google დგას. მისმა პოპულარულობამ დიდი ხანია დაჩრდილა და გადაფარა არანაკლებ ეფექტური Yahoo, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს Google გვევლინება წამყვან საძიებო სისტემად. მისი წარმატება კი რამდენიმე ფაქტორმა ერთად განაპირობა.


მარტივი ინტერფეისი, კარგი ალგორითმი, ძებნის კრიტერიუმები, ენების მხარდაჭერა მის პოპულარობას განაპირობებს. Google დღეს სარეიტინგო სისტემის როლსაც კი ასრულებს – საძიებო რეზულტატში პირველ ადგილზე ამოსულ საიტს მომხმარებელი უფრო სანდოდ მიიჩნევს.  Google-ის პოპულარულობა იმითაც ჩანს, რომ ხსვადასხვა ენაში უკვე გაჩნდა ზმნა „დაგუგლვა“, დღეს საქართველოში არაერთხელ გაიგონებთ ამ სიტყვას, თუმცა მისი ლექსიკონში შეტანა ჯერ არავის უფიქრია, თუმცა ამის მცდელობა უკვე ჰქონდათ გერმანელებს. მათ სურდათ ცნობილ გერმანულ-გერმანულ განმარტებით ლექსიკონ Duden-ში ახალი ზმნა Googeln ჩაეწერათ, თუმცა Google-ის ხელმძღვანელებმა არ ისურვეს კომპანიის სახელის ზმნად გადაკეთება. ამის მიუხედავად, გერმანელები მაინც აქტიურად განაგრძობენ ამ „ზმნის“ გამოყენებას.

დროთა განმავლობაში Google-მა სხვა პროდუქტების შექმნა დაიწყო, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. დღეს Google არის არა მარტო საძიებო სისტემა, არამედ Google Mail-ის, Picasa-ს, Android-ის, Google Doc-ის, Google Chrome-ის, Google Talk-ის, Google Translate-ს, Google Earth-ის, Google Wallet-ის, Google Plus-ის დამარსებელი, Youtube-ის და Blogger-ის მფლობელი. კომპანია, რომელსაც 13 წელი სულ ახლახანს შეუსრულდა, გვევლინება უძლიერეს სისტემად, რომელსაც მოპოვებული აქვს მომხმარებელთა ნდობა – სტატისტიკის მიხედვით, Google-ს 90%-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს. Yahoo-ს და Bing-ს კი მხოლოდ 3.5 %.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ Statcounter.com-ის გრაფიკი.

ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე

წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრების ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე?  იღვიძებთ დილით, იმზადებთ ფინჯან ყავას და ჯდებით კომპიუტერთან, მაგრამ არ შედიხართ Facebook-ზე, არ უყურებთ ვიდეოებს Youtube-ზე, არ ეძებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას Wikipedia-ზე, არ ერთვებით Forum.ge-ს ცხელ დისკუსიებში, არ კითხულობთ ბლოგებს… რას იტყვით? წარმოიდგენთ თქვენს ცხოვრებას ამ „სიამოვნებების“ გარეშე? შეგიძლიათ დასჯერდეთ მხოლოდ სხვების მოწოდებული ინფორმაციის კითხვას? თუ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თავად იყოთ ინფორმაციის გამცემი?

სოციალური მედიის მთავარი პრინციპი კი სწორედ ეს არის – ადამიანები თავად ქმნიან ვებ-გვერდის „კონტენტს“, თავად არჩევენ რა იყოს მთავარი თემა, რა კუთხით გაშუქდეს ეს ინფორმაცია და ვისთვის იყოს ის ხელმისაწვდომი. სოციალურ მედიას ჩვეულებრვი ადამიანები ქმნიან, მათი თანამონაწილეობის გარეშე ვერ ირსებებდა Facebook, Youtube, Twitter, Wikipedia და სხვა საიტები. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების გარეშე ეს ვებ-გვერდები ცარიელ ფურცელს დაემსგავსებოდა.

სოციალური მედია XXI საუკუნის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ნებისმიერ პიროვნებას, რომ შექმნას თავისი პატარა „ტრიბუნა“, გამოთქვას აზრი ფარულად ან ხილულად მისთვის საინტერესო საკითხზე, გაავრცელოს ნებისმიერი სახის ვიდეო, აუდიო თუ ტექსტური ჩანაწერი, დააინტერესოს სხვა პიროვნებები და გაიჩინოს მრავალი მიმდევარი, ე.წ.Follower-ი.  სოციალური მედია დღეს ყველაზე თავისუფალი სივრცეა. ამ დემოკრატიულ სივრცეში ყველა ადამიანი თანასწორია. ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ბლოგი და რედაქტირების და ცენზურის გვერდის ავლით დაწეროს და გაავრცელოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. დღეს ყველას შეუძლია ციფრული კამერით გადაღებული ფოტო თუ ვიდეო მასალით მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, ყველას აქვს უფლება ფორუმზე თემა გახსნას და მისთვის საინტერესო საკთხზე დისკუსია გამართოს, ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია და სიუჟეტების მთავარი თემები თავად განსაზღვროს, ყველას შეუძლია ყველაზე დიდი ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia-სთვის თუნდაც ერთი სტატია დაწეროს.  ადამიანებს დღეს განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვთ, მათთვის ეს ყველაფერი მისაწვდომია თუ კი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ექნებათ.

სოციალურ მედიას დიდი მომავალი აქვს, დიდი და საინტერესო. ჩვენ მხოლოდ  მის აღმავლობის პერიოდს ვუყურებთ. ექსპერტები ვარაუდებს უკვე თამამად გამოთქვამენ – მალე ცხოვრება ვირტუალურ სამყაროში უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე რეალურში და ინტერნეტი ინფორმაციის მიწოდების და გადაცემის მთავარი წყარო გახდება.

ის, რაც დაიწყეს სამხედროებმა…

თქვენ რა იფიქრეთ? რომ სამხედროებმა ომი დაიწყეს? ან გგონიათ სამხედროები მხოლოდ ომს იწყებენ? ან ფიქრობთ მათი ინიციატივები მხოლოდ ბრძოლასთან არის დაკავშირებული? და თქვენ რას იტყვით, როცა გაიგებთ, რომ ის, რისი საშუალებითაც ახლა ამ წუთას ამ პოსტს კითხულობთ, სწორედ სამხედროების შექმნილია? დიახ ბატონო, ინტერნეტი ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს 🙂

ინტერნეტის შექმნის ერთი კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა საბჭოთა კავშირმა 1957 წელს კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. აშშ-ში ჩათვალეს, მათი მოწინააღმდეგე ომისთვის ემზადებოდა, ამის საპასუხოდ კი 1958 წელს ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს ინფორმაციის გადაცემის ყველაზე საიმედო სისტემა, რომელსაც არ ექნებოდა ერთი ცენტრი.

როგორც ხედავთ საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის წვლილი ინტერნეტის შექმნის დიად საქმეში 😀

ინტერნეტს თავდაპირველად მხოლოდ სამეცნიერო ინსტიტუტები იყენებდნენ, ისინი ქსელის საშუალებით ინფორმაციას ცვლიდნენ. თანდათან იხვეწებოდა და ვითარდებოდა ტექნოლოგიები, დღეს კი უკვე ჩვენ წინაშეა ქსელი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ინტერნეტის არსებობის მთელ ისტორიას აღარ მოგიყვებით, ძალიან შორს წავალთ 😀

პოსტის ბოლოს კი მოვიყვან პოპულარული საიტის Alexa.com-ის მონაცემებს, საქართველოში ათი ყველაზე საინტერესო საიტი:

  1. Facebook
  2. Google.com
  3. Youtube
  4. Google.ge
  5. Odnoklassniki.ru
  6. Wikipedia
  7. Mail.ru
  8. Yahoo.com
  9. Forum.ge
  10. Myvideo.ge

P.S. 17-ე ადგილას jobs.ge დგას, როგორც იტყვიან, მითხარი რომელი საიტია თქვენს ქვეყანაში პოპულარული და გეტყვით რა გაწუხებთ თქვენ 😀

რატომ შევქმენი ბლოგი

ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერმა დაწერა რატომ შექმნეს ბლოგი. გადავწყვიტე მეც მომეყოლა საიდან დამებადა იდეა და როგორ მოვედი აქამდე 😀

ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როცა ინტერნეტში მორიგი ბოდიალისას სულ შემთხვევით გადავწყდი როკოს ბლოგს. მაშინ პირველად გავიგე, რომ თურმე ასეთი რამეც არსებობდა 😀 ასევე გავიგე, რომ უფასო იყო მისი გაკეთება, მაგრამ როგორ და რანაირად უნდა გამეკეთებინა, მაგდენი უკვე აღარ ვიცოდი. შემდეგ 2008 წელი იყო ალბათ, ზუსტად აღარ მახსოვს,  IREX – მა ჟურნალისტებისთვის ჩაატარა სემინარი და იქ გაგვაცნეს რა არის ბლოგი, როგორ შეიძლება ის გამოიყენონ ჟურნალისტებმა და მედია ორგანიზაციებმა, რა შესაძლებლობები აქვს მას და ა.შ. იმ სემინარის დღეებში ყველას გაგვაკეთებინეს ჩვენი ბლოგი. მეც რა თქმა უნდა გავაკეთე wordpress-ში რაღაც ბლოგი,  რომელზეც იმის შემდეგ აღარასოდეს შევსულვარ 😀 სხვათაშორის იმ სემინარზევე აგვიხსნეს როგორი სასარგებლო რამეა Flickr და რომ ის აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტ ჟურნალისტს 🙂 ნეტა რამდენ ქართველ ჟურნალისტს აქვს Flickr? ნუ, ეს დავტოვოთ რიტორიკულ შეკითხვად 😀

კინაღამ დამავიწყდა, ეს ის პერიოდი იყო ჭრელა-ჭრულა piczo საიტები რომ იყო პოპულარობის პიკზე 🙂 მაგრამ არასოდეს მომინდომებია მორიგი სასიყვარულო ლექსებით და ჩანახატებით გადაჭედილი piczo სიტის ქონა =))

ქართულ ბლოგოსფეროში მაშინ სულ რამდენიმე ბლოგერი მოღვაწეობდა და ძალიან ცნობილი ბლოგები ჰქონდათ. ვერ ვიტყვი რომელიმე ჩემი მუზა იყო მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობდი ხოლმე მათ პოსტებს, აქ ძველ “სტაჟიან” ბლოგერებს ვგულისხმობ – სვითი, დოდკა, თინი და ა.შ.

პერიოდულად ვაკეთებდი ბლოგებს, blogspot-ზეც და wordpress-ზეც, მაგრამ შემდეგ სულ ვივიწყებდი სამწუხაროდ.

ახლა კი ბლოგის გაკეთება იმიტომ მოვინდომე, რომ

1. მიყვარს წერა, წერის პროცესი – ჩემ თავთან  “ლაპარაკი”, გვერდით მოდგმული ყავის ჭიქით, სტრესის და სიჩქარის გარეშე.

2. ყველა თემაზე და საკითხზე გამაჩნია ჩემი საკუთარი აზრი და მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი ემოციები, ჩემი ფიქრები.

3. მინდა ვწერო და ვიყო სუბიექტური. 2 წელზე მეტია ვმუშაობ ჟურნალისტად და ხან მინდა ხოლმე, რომ რესპოდენტების აზრი კი არა, ჩემი აზრი დავწერო, მე რასაც ვფიქრობ ამ საკითხზე და მე როგორც აღვიქვამ ამ თემას, ის დავწერო 🙂 ბლოგზე ჩემია ბურთიც და მოედანიც 😀 არც რედაქტორია, არც კორექტორი, წერე რაც გინდა 😀