არქივი

I ❤ weekends

შაბათ-კვირა ის ორი ჯადოსნური დღეა მთელ კვირაში, რომელიც ერთნაირად უყვარს მგონი ყველას – დასაქმებულს, მოსწავლეს თუ სტუდენტს. სკოლიდან მოყოლებული, ჩემთვის ეს ორი დღე ასოცირდებოდა, უპირველესად, დილით კარგად გამოძინებასთან 🙂 მთელი დღე უსაქმურობასთან, წიგნებთან და ფილმებთან გატარებულ საათებთან ან, უბრალოდ, გარეთ ძალიან ბევრ სეირნობასთან 🙂

შაბათ-კვირას 12 საათზე ადრე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვდგები, თუ ვინმე მაღვიძებს ან სადმე ვარ წასასვლელი 🙂 მიყვარს დილაობით პიჟამოთი სიარული, სასტიკად მეზარება ხოლმე ცივი ტანსაცმლის ჩაცმა 😀 ჩემი ნება რომ იყოს მთელი დღეც არ გავიხდიდი 😀 მიყვარს სტრესის გარეშე მიღებული დუში, ნელა დალეული ჩაი (ორსულობისას ყავაზე თავს ვიკავებ და სამაგიეროდ კილომეტრზე ვგრძნობ მის სუნს და თუ კი ვინმე სვამს, ნდომისგან სულ ნერწყვებს ვყლაპავ 😀 ), მიყვარს ფაცი-ფუცის გარეშე შემოვლილი საიტები, ესეც დილის რიტუალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია 😀

შაბათ-კვირა ის ორი დღეა, როდესაც შეგიძლიათ სამზარეულოში მიხილოთ 🙂

Typical Weekends =))

მოუცლელობის გამო მხოლოდ კვირის ბოლო ვახერხებ რაიმე კერძის გაკეთებას 😀 კვირის დღეებში შეიძლება დროც მქონდეს მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე რომ საჭმელების კეთების ნერვი აღარ მრჩება 😀 მოგეხსენებათ, დიდად არ ვგიჟდები ამ პროცესზე და შესაბამისი განწყობა ნამდვილად მჭირდება ხოლმე 😀

დღეს გადაწყვეტილი მაქვს გუფთა და ქათმის სალათი გავაკეთო. ორსულობისას ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ 😀 ვცდილობ ნახევრად ფაბრიკატებს ავერიდო მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, როცა დრო არ მაქვს, ეგენი ყველაზე კარგი გამოსავალია 😀 სამწუხაროდ, თორნიკე სახლში არ არის და ვერ დამეხმარება გაკეთებაში, თორემ ის ჩემზე ბევრად უკეთესი მზარეულია 😀 ძალიან მიყვარს ერთად როცა ვაკეთებთ ხოლმე საჭმელს ❤ უფრო სახალისოა და კარგად ვერთობით ხოლმე 😀 ცუდია რომ ამის დრო ხშირად არ აქვს 😦

მერე დავჯდები და წიგნს წავიკითხავ – ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელს” ვკითხულობ ახლა. ცოტა მძიმე წასაკითხია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ აქვს დაწერილი ჰესეს ადამიანის შინაგანი სამყარო და მოსაწყენი წიგნი ნადმვილად არ არის 🙂

P.S. ერთ პოსტში ყველაფერს მივედ-მოვედე 😀 ამას ქვია “ამოხეთქაო” 😀

სტრესის დასასრული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უქმეებში :)))

 

ორი წელი ერთად ♥

უკვე ორი წელი გავიდა. არადა გუშინდელივით მახსოვს ჩვენი გაცნობა 🙂 ორივე ძალიან სასაცილოები ვიყავით ^^

ყველაფერი ნათლად მახსოვს – არც კი მიცდია დამალვა, რომ მომწონდი და სრულიად უცნობმა ადამიანებმა ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინეთ ერთმანეთში 🙂

ისე გადიოდა დღეები, რომ საერთოდ არ ვჩხუბობდით, იშვიათად ვკამათობდით, არასოდეს გავბუტულვართ…

ვერ წარმოვიდგენდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო… მე – სრულიად არარომანტიკული ადამიანი, რაღაცნაირად შევიცვალე 🙂 მაგრამ მთლად შენნაირი რომანტიკული მაინც  ვერ გავხდი 🙂

ორი წელია ჩემ გვერდით ხარ და მე ბედნიერი ვარ ამით ♥ მთლიანად მავსებ, მაძლევ ყველაფერს, რაც მჭირდება, ვგრძნობ შენს არსებობას ყველაზე რთულ სიტუაციებში, მამხენევებ და მამშვიდებ :-* ახლა ბოლომდე ვხვდები რას ნიშნავს გყავდეს მეორე ნახევარი ♥ ჩემი მეორე ნახევარი შენ ხარ – უშენოდ უბრალოდ სრულყოფილად ვერაფერს გავაკეთებ. შენი არსებობა და შენი გვერდში დგომა ძალიან მჭირდება ^.^

ყველაზე მეტად რაც მიყვარს შენში, არის შენი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი 🙂 ჩემი აუღელვებელი სიყვარული ხარ 🙂 ამითაც კი ერთმანეთს ვაბალანსებთ 🙂 მე – ყველაზე ემოციური და მშიშარა, როგორც შენ მეძახი – გამოუსწორებელი პესიმისტი 😀  და შენ – ყველაზე მშვიდი და დალაგებული :)დაფიქრებული და მოზომილი 🙂

რამდენი ხანია ერთმანეთისთვის სახელით აღარ მიგვიმართავს 🙂 გახსოვს ბოლოს როდის დამიძახე “მარი”? მე არ მახსოვს 🙂

ყველაზე ყურადღებიანი, ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე თბილი და ყველაზე საყვარელი ხარ ^.^

არც კი მინდა გავიფიქრო – რა იქნებოდა უშენოდ…

შენ უბრალოდ ჩემი ქმარი არ ხარ… არ მიყვარს  ეს სიტყვა… არც მეუღლე ხარ… არც ეგ მომწონს…. შენ ხარ ჩემი სიყვარული – და რაც კი უკავშირდება სიტყვა “სიყვარულს”, ის ყველაფერი ხარ… ♥ ვნება და ტკივილი ხარ, სევდა და მონატრება ხარ, ცრემლი და სიხარული ხარ, ბედნიერება და ჰარმონია ხარ ♥

ორი წელია გიცნობ, არადა მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ 🙂 მინდა რომ ასე გაგრძელდეს… დაუსრულებლად… და ყოველთვის, ყოველ დილით მხოლოდ შენი კოცნა და ჩახუტება მაღვიძებდეს ♥

მიყვარხარ… უზომოდ… და უსაზღვროდ… ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ხარ და რომ მე შენ გიპოვე ♥

Love is you,
You and me,
Love is knowing,
We can be….

კითხვის დასმის ხელოვნება

“სჯობს დასვა კითხვა და 5 წუთით გამოჩნდე სულელი, ვიდრე არ დასვა კითხვა და სულელად დარჩე ბოლომდე”

სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, მაგრამ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ კითხვის დასმას თავისი ნიჭი და მოხერხება უნდა 🙂

არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ჰყოფნით გამბედაობა, ასწიონ ხელი და დასვან შეკითხვა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მიიპყრონ ყურადღება, მასზე უნდა იყოს მიპყრობილი გარშემომყოფთა მზერა და უნდა მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს კი ზოგიერთს აბნევს (აქ არ ვგულისხმობ რიტორიკული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს, რომელთაც ოღონდ აუდიტორია მიეცი და შეუჩერებლად ილაპარაკებენ 😀 ). იყო პერიოდი, როცა მეც თავს ვიკავებდი ღრმად ჩავძიებოდი რაღაც საკითხებს და ვცდილობდი რაც მაინტერესებდა იმის შესახებ კი არ მეკითხა, არამედ მოვსულიყავი სახლში და ინტერნეტში მომეძია პასუხი 😀 არადა რა დეგენერატობაა ახლა ეს 😀 რატომ უნდა მოგერიდოს კითხვის დასმა? რაიმე კომენტარის გაკეთება? შენი აზრის თავისუფლად და თამამად გამოთქმა?

პირველად ამ საკითხმა უნივერსიტეტში ჩაბარების დროს შემაწუხა. პირველ კურსზე ჩვენმა ერთ-ერთმა ლექტორმა ანცი ფარსადანიშვილმა გვითხრა – სტუდენტებს იმით ვაფასებ, თუ რა შეკითხვას დამისმევსო. რომ დაფიქრდეთ, არის ამაში რაღაც ჭკვიანური 🙂 იმის მიხედვით, თუ რას ვკითხულობთ, სააშკარაოზე გამოგვაქვს რა არ ვიცით 🙂 მაგრამ თუ არ ვიკითხეთ, არც არასოდეს გვეცოდინება.

მერე როცა უკვე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებოდი. როცა მასალაზე მუშაობ და რესპოდენტთან მიდიხარ, რა თქმა უნდა, მომზადებული უნდა წახვიდე. არც ერთი თავმოყვარე ჟურნალისტი წინასწარი მომზადების გარეშე ინტერვიუზე არ წავა. მაგრამ საუბრის დროს თუ რესპოდენტი შეეხო ისეთ თემას, რომელზეც მანამდე არ გსმენოდა არაფერი, მაშინ ორი აზრი არ არსებობს – უნდა ჩაეძიო ბოლომდე და ყველაფერი დააზუსტებინო – ვინ როდის სად რა გააკეთა 😀 ამ დროს უკვე იმას აღარ ვფიქრობ, რამდენად განათლებული თუ გაუნათლებელი გამოვჩნდები იმ პირის წინაშე 😀 მთავარია ინფო მოვიდეს ჩემამდე 😀

უნივერსიტეტში მეორე კურსზე Minor სპეციალობების არჩევის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებს მხოლოდ ორი პროფესიიდან უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი – ან საბუღალტრო ან მენეჯმენტი. ამან რასაც ქცია ჭკუიდან გადამიყვანა, რადგან ძალიან მინდოდა სტილი კორექტორის არჩევა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც ჟურნალისტიკა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო და სტილის კორექტორი კიდევ ჰუმანუტარულზე და Minor ფაკულტეტის შიგნით უნდა აგვერჩია. 

ზუსტად იმ დღეებში მაშინდელი რექტორი გიორგი გოცირიძე შეხვდა სტუდენტებს. მეც ვესწრებოდი იმ შეხვედრას და ბოლოს, როცა უკვე მორჩა ლაპარაკს – კითხვები ხომ არ გაქვთო, მოგვმართა. ხოდა ძალიან დაუფიქრებლად და გაუაზრებლად წამოვდექი და ვკითხე – “ახლა ჟურნალისტიკის მეორე კურსზე ვარ და უნდა ავირჩიო Minor – საბუღალტრო ან მენეჯმენტი. ბატონო გია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტს საბუღალტრო უფრო სჭირდება თუ მენეჯმენტი?” 😀 მახსოვს როგორ ასწია ხელები და გაოცებულმა თქვა  – აი ჟურნალისტიო 😀 დარბაზში ბავშვებმა სიცილი და ტაშის კვრა დაიწყეს 🙂 მართალია ამით არაფერი შეცვლილა და მომდევნო 3 წელი საბანკო საქმეს, ფინანსურ აღრიცხვებს, ბიზნეს ეთიკას, ტურიზმის მენეჯმენტს და ჩემთვის სრულიად  არასაჭირო სხვა მსგავს საგნებს გავდიოდი, მაგრამ მაგ დღისით ჩემი პირადი ეგო ნამდვილად დავიკმაყოფილე 😀 ერთი საინტერესო საგანი, რაც მახსოვს, მარკეტინგი იყო, რომელსაც მართლა ინტერესით ვსწავლობდი.

არასოდეს მოგერიდოთ კითხვის დასმა, აზრის გამოთქმა, წამოდგომა და უბრალოდ ხელის აწევა. გახსოვდეთ – გამბედავი ადამიანები მეტს იგებენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით 😀

შემოდგომა საგაზაფხულო განწყობით

წელიწადის ეს დრო დიდად არ მიყვარს, შემოდგომის გახსენებაც კი სევდიან განწყობაზე მაყენებს, პირველი ასოციაცია, რაც თავში მომდის არის სიცივე, რაც ძალიან ძალიან არ მიყვარს. საერთოდ არ ვარ “ზამთრის ტიპი”. აი ხომ არიან ადამიანები თოვლზე, გუნდაობაზე, თხილამურებზე და ა.შ. რომ გიჟდებიან. მე კიდევ არც ერთი მიყვარს, არც მეორე, მესამე არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი 😀

შემოდგომა ჩემთვის არის ცივი, უმზეო, უხალისო დღეები, როცა გარეთ გასვლა არ მინდა, როცა გარეთ სიარული მეზარება, როცა ოთახში რაღაცნაირად ბნელა, რადგანაც მოქუფრული ცაა გარეთ. და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე. I need the sun for good mood 😀 ტყუილად არ დამირქმევია ამ ბლოგისთვის მზის მოყვარულის ბლოგი 🙂

თქვენ თუ მეტყვით, რომ შენ შემოდგომაზე ტყეში არ წასულხარ ალბათ და იმიტომ ამბობ ასეო, ცდებით მეგობრებო 😀 აი შემოდგომის ტყე სულ სხვაა მართლა 🙂 მაგრამ ტყე და ღრე მე ვიცი შაბათ-კვირას კაცო 😀 ყოველდღიურად ტყეში რა ჯანდაბა მინდა 😀 და ყოველ დღე სადაც ვარ, იმ გარემოში კიდევ არ მიყვარს ეს შემოდგომა.

სულ სხვაა გაზაფხული, როცა ყველაფერს ახალი ენერგიით იწყებ, რაღაც გეგმებს ალაგებ, რაიმეს ელოდები, აქტიურობის განწყობაზე ხარ, მზის პატარა სხივიც კი გათბობს… ახლა ამ შემოდგომაზე ზუსტად საგაზაფხულო განწყობა მაქვს 🙂 მომატებული მოტივაციით, მეტი ენერგიით და შემართებით ვარ. სხვანაირად როგორ უნდა ვიყო – ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი მქონდა 🙂 სულიერი სიმშვიდის და ჰარმონიის პერიოდი მაქვს 😀

ბედნიერი ადამიანები და მე

“Each morning when I open my eyes I say to myself: I, not events, have the power to make me happy or unhappy today. I can choose which it shall be. Yesterday is dead, tomorrow hasn’t arrived yet. I have just one day, today, and I’m going to be happy in it.”

– Groucho Marx

სულ შემთხვევით გადავაწყდი ამ ფრაზას ინტერნეტში. არც გრაუჩო მარქსის სახელი გამეგო დღემდე, არც არაფერი მსმენოდა მის შესახებ. თურმე ამერიკელი მსახიობი ყოფილა 🙂  ამ ფრაზას კი სრულიად ვეთანხმები.

არავინ იცის რა არის ბედნიერების საზომი, ეს ჯერ არავის დაუდგენია. ზოგს რა ხდის ბედნიერად, ზოგს –  რა. ყველა ცდილობს იყოს ბედნიერი და ამის მიღწევას სხვადასხვა ხერხით ცდილობს – ტკბილი ოჯახი, წარმატებული კარიერა, ბევრი ფული, კარგი მეგობრები და ა.შ. ზოგს ბედნიერების მისაღწევად ნარკოტიკი და ალკოჰოლის “დახმარებაც” სჭირდება 😀 ამდენი მცდელობის შემდეგ კი ყველა თავის წილ ბედნიერებას იღებს. ერთი რამ კი სრულიად ნათელია – ყოველი დღე კარგად უნდა გამოიყენო.

რამდენჯერ მითქვამს რა ბედნიერი ან რა უბედური ვარ-თქო. არადა რა მარტივია იყო ბედნიერი. ვცდილობ გავითვალისწინო ხოლმე, რომ –

  • ოპტიმისტები ბედნიერი ადამიანები არიან. ისინი, ჩემგან განსხვავებით, გამუდმებით არ წუწუნებენ და იმედით უყურებენ მომავალს. 🙂
  • ბედნიერები არიან ადამიანები, რომელთაც მცირე წარმატებაც ახარებთ  (თუმცა ეს არ ნიშნავს თვითკმაყოფილებით ტკობის მიცემას და მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეჩერებას) და ჩემგან განსხვავებით, წარუმატებლობის შემდეგ თვითგვემას არ იწყებენ და უფრო დიდი ენთუზიაზმით და მოტივაციით ცდილობენ წარმატების მიღწევას.
  • ბედნიერები არიან ადამიანები, რომელთაც გარისკვა შეუძლიათ და, ჩემგან განსხვავებით, მშიშრები არ არიან 😦 მე ყოველი ახალი საქმის დაწყების წინ მილიონჯერ უნდა ავწონ-დავწონო ყველაფერი, გავაანალიზო დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოვემზადო ნებისმიერი შედეგისთვის და ამასობაში იმდენი ვინერვიულო, რომ წარმატების შემთხვევაშიც კი, ფასი დავუკარგო ყველაფერს. რატომ ვარ ასეთი, რატომ….. :@ ხომ შეიძლება ცოტა “ლაითად” აღვიქვა ყველაფერი…
  • ჩემთვის ბედნიერები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი დღით ცხოვრობენ, დროის მართვა შეუძლიათ და საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ.

ბოლოს კი ერთ ფრაზას დავწერ, რომელიც ძალიან მიყვარს, თუმცა, სამწუხაროდ, ავტორი არ ვიცი –

“Sobald du beginnst mit dem Herzen zu denken, mit der Seele zu lieben und mit dem Geist zu fühlen, wirst du die Welt anders sehen.”

“როგორც კი ფიქრს გულით დაიწყებ, გონებით შეიყვარებ და სულით შეიგრძნობ, სამყაროს სხვანაირად დაინახავ.”

ალბათ ბედნიერი ადამიანები ასე ცხოვრობენ. 🙂

P.S. არ ვიცი თქვენ რა იფიქრეთ ჩემზე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბედნიერი ვარ 😀 ^^

ურთიერთობის ხელოვნება

ხანდახან რა რთულია ცხოვრება… ვერ გამიგია, რატომ ხდება, რომ რაც უფრო მეტ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, მით უფრო ხშირად მიწევს ამ ურთიერთობის შენარჩუნება/გაუმჯობესებისთვის მთელი ხელოვნების გამოჩენა. არავინ თქვას, რომ თუ ვინმესთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად რაიმე ძალისხმევის გაწევა გიხდება, ესე იგი ამ გზით ურთიერთობის ხელოვნურად ინარჩუნებ. ნამდვილად არ არის ეს ასე.

ნებისმიერ ადამიანს აქვს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან თუ სოციალურ ჯგუფებთან, რადგანაც აქვს კომუნიკაციის მოთხოვნილება. არც მე ვარ გამონაკლისი 🙂 მით უმეტეს, რომ ამით თავად მე ვიღებ ძალიად დიდ სიამოვნებას. მაგრამ ბევრი ადამიანი გარშემო, ხშირ შერმთხვევაში, ბევრ საფიქრალს ნიშნავს.

სამყარო სწორედ ამიტომ არის საიტერესო, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და მსგავსები არ არიან, მაგრამ ამ განსხვავებამ ურთიერთობაში დისკომფორტი არ უნდა შექმნას. თუ ეგოისტი ხარ და დათმობა და კომპრომისზე წასვლა შენთვის უცხო ცნებაა, ვერასოდეს ააწყობ სხვასთან ურთიერთობას. ჩემთვის ძალიან დამღლელია, როდესაც მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებენ და ჯიუტად ამბობენ უარს აზრის შეცვლაზე. უბრალოდ, მოსაბეზრებელია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. არადა რამდენი ხალხია გარშემო ასეთი…… მით უფრო რთულია, როცა საყვარელი ადამიანები იჩენენ წარმოუდგენელ სიჯიუტეს და არანაირად არ სურთ არათუ დაფიქრება თუ რას ეუბნები, არამედ მოსმენაც კი.

ადამიანებთან ურთიერთობა ხელოვნებაა – გაღიზიანების ნაცვლად სიამოვნება უნდა მიიღო, აღელვების ნაცვლად სიმშვიდე უნდა მოგგვაროს, ურთიერთობის დასრულების ნაცვლად მისი კიდევ უფრო დიდ ხანს გაგრძელების სურვილი უნდა მოგანიჭოს, მალე დამშვიდობების ნაცვლად საუბრის გაგრძელების სურვილი უნდა გაგიჩინოს, დადებითი ემოციები უნდა მოგიტანოს და გაფიქრებინოს, რომ კარგია ამ პატარა სამყაროში სრულიად მარტო რომ არ ხარ.