კითხვის დასმის ხელოვნება

“სჯობს დასვა კითხვა და 5 წუთით გამოჩნდე სულელი, ვიდრე არ დასვა კითხვა და სულელად დარჩე ბოლომდე”

სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, მაგრამ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ კითხვის დასმას თავისი ნიჭი და მოხერხება უნდა 🙂

არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ჰყოფნით გამბედაობა, ასწიონ ხელი და დასვან შეკითხვა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მიიპყრონ ყურადღება, მასზე უნდა იყოს მიპყრობილი გარშემომყოფთა მზერა და უნდა მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს კი ზოგიერთს აბნევს (აქ არ ვგულისხმობ რიტორიკული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს, რომელთაც ოღონდ აუდიტორია მიეცი და შეუჩერებლად ილაპარაკებენ 😀 ). იყო პერიოდი, როცა მეც თავს ვიკავებდი ღრმად ჩავძიებოდი რაღაც საკითხებს და ვცდილობდი რაც მაინტერესებდა იმის შესახებ კი არ მეკითხა, არამედ მოვსულიყავი სახლში და ინტერნეტში მომეძია პასუხი 😀 არადა რა დეგენერატობაა ახლა ეს 😀 რატომ უნდა მოგერიდოს კითხვის დასმა? რაიმე კომენტარის გაკეთება? შენი აზრის თავისუფლად და თამამად გამოთქმა?

პირველად ამ საკითხმა უნივერსიტეტში ჩაბარების დროს შემაწუხა. პირველ კურსზე ჩვენმა ერთ-ერთმა ლექტორმა ანცი ფარსადანიშვილმა გვითხრა – სტუდენტებს იმით ვაფასებ, თუ რა შეკითხვას დამისმევსო. რომ დაფიქრდეთ, არის ამაში რაღაც ჭკვიანური 🙂 იმის მიხედვით, თუ რას ვკითხულობთ, სააშკარაოზე გამოგვაქვს რა არ ვიცით 🙂 მაგრამ თუ არ ვიკითხეთ, არც არასოდეს გვეცოდინება.

მერე როცა უკვე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებოდი. როცა მასალაზე მუშაობ და რესპოდენტთან მიდიხარ, რა თქმა უნდა, მომზადებული უნდა წახვიდე. არც ერთი თავმოყვარე ჟურნალისტი წინასწარი მომზადების გარეშე ინტერვიუზე არ წავა. მაგრამ საუბრის დროს თუ რესპოდენტი შეეხო ისეთ თემას, რომელზეც მანამდე არ გსმენოდა არაფერი, მაშინ ორი აზრი არ არსებობს – უნდა ჩაეძიო ბოლომდე და ყველაფერი დააზუსტებინო – ვინ როდის სად რა გააკეთა 😀 ამ დროს უკვე იმას აღარ ვფიქრობ, რამდენად განათლებული თუ გაუნათლებელი გამოვჩნდები იმ პირის წინაშე 😀 მთავარია ინფო მოვიდეს ჩემამდე 😀

უნივერსიტეტში მეორე კურსზე Minor სპეციალობების არჩევის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებს მხოლოდ ორი პროფესიიდან უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი – ან საბუღალტრო ან მენეჯმენტი. ამან რასაც ქცია ჭკუიდან გადამიყვანა, რადგან ძალიან მინდოდა სტილი კორექტორის არჩევა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც ჟურნალისტიკა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო და სტილის კორექტორი კიდევ ჰუმანუტარულზე და Minor ფაკულტეტის შიგნით უნდა აგვერჩია. 

ზუსტად იმ დღეებში მაშინდელი რექტორი გიორგი გოცირიძე შეხვდა სტუდენტებს. მეც ვესწრებოდი იმ შეხვედრას და ბოლოს, როცა უკვე მორჩა ლაპარაკს – კითხვები ხომ არ გაქვთო, მოგვმართა. ხოდა ძალიან დაუფიქრებლად და გაუაზრებლად წამოვდექი და ვკითხე – “ახლა ჟურნალისტიკის მეორე კურსზე ვარ და უნდა ავირჩიო Minor – საბუღალტრო ან მენეჯმენტი. ბატონო გია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტს საბუღალტრო უფრო სჭირდება თუ მენეჯმენტი?” 😀 მახსოვს როგორ ასწია ხელები და გაოცებულმა თქვა  – აი ჟურნალისტიო 😀 დარბაზში ბავშვებმა სიცილი და ტაშის კვრა დაიწყეს 🙂 მართალია ამით არაფერი შეცვლილა და მომდევნო 3 წელი საბანკო საქმეს, ფინანსურ აღრიცხვებს, ბიზნეს ეთიკას, ტურიზმის მენეჯმენტს და ჩემთვის სრულიად  არასაჭირო სხვა მსგავს საგნებს გავდიოდი, მაგრამ მაგ დღისით ჩემი პირადი ეგო ნამდვილად დავიკმაყოფილე 😀 ერთი საინტერესო საგანი, რაც მახსოვს, მარკეტინგი იყო, რომელსაც მართლა ინტერესით ვსწავლობდი.

არასოდეს მოგერიდოთ კითხვის დასმა, აზრის გამოთქმა, წამოდგომა და უბრალოდ ხელის აწევა. გახსოვდეთ – გამბედავი ადამიანები მეტს იგებენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით 😀

Web 2.0

ინტერნეტი – ეს არის თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ინფორმაციის განთავსება, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. თავდაპირველად გლობალურ ქსელში მხოლოდ პროგრამისტების მიერ მომზადებულ მასალებს შეხვდებოდით, თუმცა თანდათან ეს მიდგომა შეიცვალა და დღეს უკვე არსებობს საიტები. რომელთაც მთლიანად მომხმარებლები ქმნიან, ასეთი საიტები კი უამრავია, მაგალითად Wikipedia, Youtube, WordPress, Blogspot, Facebook და ა.შ.

იმისათვის, რომ ერთმანეთისგან გაემიჯნათ ეს ორი ეპოქა :), 2004 წელს O’Reilly Media და  MediaLive internationale-ის თანამშრომლებმა ერთობლივ კონფერენციაზე გამოიყენეს სიტყვა Web2.0, რაც ნიშნავს, რომ თუ კი აქამდე ინტერნეტში ინფორმაციას მხოლოდ პროგრამისტები ანთავსებდნენ, ახლა საიტის “კონტენტის” შექმნა მომხმარებლებსაც შეეძლოთ.

დღეს Web 2.0-ის პრინციპების მიხედვით მუშაობს ისეთი მსხვილი ინტერნეტ-მაღაზიები, როგორებიც არიან Amazon.com და Ebay.com. ეს საიტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში. ასევე ნებისმიერი სოციალური ქსელი აგებულია ამავე სტანდარტებზე – თავისთავად ცხადია ასე პოპულარულ Facebook-ს სწორედ მისი “იუზერები” ხდიან საინტერესოს. თავად საიტების ადმინისტრატორები ცდილობენ, რომ მომხმარებლები თავად ჩართონ ინტერაქციაში, რადგანაც ითვლება, რომ რომელიმე პროდუქტის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის მიერ შეფასება უფრო სანდოა მკითხველისთვის, ვიდრე რეკლამა ან ექსპერტის დასკვნა. ამიტომაც არის, რომ თუნდაც იგივე Amazon-ზე მომხმარებლები პროდუქტის ქვემოთ ტოვებენ საკუთარ კომენტარს, სადაც აფასებენ რამდენად გამოსადეგია ის ნივთი. კიდევ ერთი მაგალითი, ცნობილი ფილმების მონაცემების უდიდესი ბაზის Imdb-ის საიტზე ფილმის მაყურებლები ტოვებენ თავიან “Review-ებს”, სადაც განმარტავენ თუ რამდენად საინტერესოა ის კონკრეტული ფილმი.

Web 2.0 არის ინტერნეტის განვითარების ახალი საფეხური, რომელმაც უფრო მეტად საინტერესო გახადა ვირტუალური სამყარო. მისი მეშვეობით ადამიანებს მიეცათ სრული თავისუფლება გამოეჩინათ მეტი აქტიურობა გლობალურ ქსელში, თუმცა კარგი იქნება, თუ ამ შესაძლებლობას ბოროტად არ გამოვიყენებთ და ჩვენ მიერ განთავსებული ინფორმაცია სასარგებლო და საჭირო იქნება სხვებისთვისაც 😀

P.S. უკვე მეოთხე პოსტია, რომელსაც ინტერნეტ ტექნოლოგიების შესახებ ვწერ 😀 ეს ჩვენი დავალებებია, რომელსაც ჯიპაში ვიღებთ. ბოდიში ყველას, ვისაც თავი მოვაწყინე ამ თემით, 😀 თუმცა ვფიქრობ, რაიმე საინტერესოს აუცილებლად გაიგებდით. 🙂

Any question? Ask Google!


რომელ საძიებო სისტემას მიმართავთ, როდესაც ინტერნეტში რაიმეს ეძებთ? დიდი ალბათობაა, რომ თქვენი პასუხი იყოს Google 🙂 თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ თქვენ ჩემნაირი და კიდევ ძალიან ბევრნაირი ადამიანის მსგავსი ყოფილხართ 😀 პირად მაგალითს მოვიყვან – როდესაც Google-ში რაიმეს ვეძებ, არასოდეს მომდის თავში იდეა, რომ ეს ინფორმაცია სხვა საძიებო სისტემაშიც, მაგალითად Yahoo-ზეც მოვძებნო. არადა, თეორიულად არის შანსი, რომ Yahoo-მაც არანაკლებ სასარგებლო საიტები მომაწოდოს.

თუ დაფიქრებულხართ როგორი მნიშვნელოვანია საძიებო სისტემები? ინტერნეტი დღეს განუზომლად პოპულარულია. ეს არის ქსელი, რომელიც მილიონობით ვებ-გვერდს და პორტალს აერთიანებს. რაც უფრო მეტი საიტი იქმნება, მით უფრო მატულობს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციების სიმრავლე. დღეს უკვე არ არის დარჩენილი თემა და საკითხი, რომელზეც ადამიანი ვირტუალურ სამყაროში ინფორმაციას ვერ მოიძიებს. ვებ-გვერდების სიმრავლემ და ჭარბმა ინფორმაციამ კი ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება გაართულა, თავისთავად ცხადია, ინტერნეტში ღირებულთან ერთად, ხშირად არასაჭირო და სრულიად უსარგებლო ინფორმაციებსაც ვაწყდებით. ამიტომაც არის, რომ დღეს ხშირად ინტერნეტს „ინფორმაციულ ნაგავსაც“ უწოდებენ.

Google კონკურენტებს შეჭმით ემუქრება 😀

ფაქტია, რომ ადამიანებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ იკთხონ ყველანაირი ინფორმაცია და მის გადახარისხებაში დრო დაკარგონ. მათ, ზოგ შემთხვევაში, არც იციან სად მოძებნონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამისთვის არსებობს საძიებო სისტემები, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს გაუადვილდეთ სასურველი საიტის მოძებნა და ინფორმაციის გადახარისხება.

პირველი საძიებო სისტემა 1989 წელს ალან ემტეიჯმა შექმნა, თუმცა ის არ იყო დღევანდელი საძიებო სისტემების მსგავსი. მის მიერ შექმნილი პროგრამა ირთვებოდა ავტომატურად და მხოლოდ მონაცემთა ბაზის სისტემატიზაციას ახდენდა. პირველი სრულყოფილი საძიებო სისტემა ემტეიჯმა 1991 წელს შექმნა, ეს იყო Archie, რომელიც მალე საკმაოდ პოპულარული გახდა.


დღეს საძიებო სისტემებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზე  უდავოდ Google დგას. მისმა პოპულარულობამ დიდი ხანია დაჩრდილა და გადაფარა არანაკლებ ეფექტური Yahoo, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს Google გვევლინება წამყვან საძიებო სისტემად. მისი წარმატება კი რამდენიმე ფაქტორმა ერთად განაპირობა.


მარტივი ინტერფეისი, კარგი ალგორითმი, ძებნის კრიტერიუმები, ენების მხარდაჭერა მის პოპულარობას განაპირობებს. Google დღეს სარეიტინგო სისტემის როლსაც კი ასრულებს – საძიებო რეზულტატში პირველ ადგილზე ამოსულ საიტს მომხმარებელი უფრო სანდოდ მიიჩნევს.  Google-ის პოპულარულობა იმითაც ჩანს, რომ ხსვადასხვა ენაში უკვე გაჩნდა ზმნა „დაგუგლვა“, დღეს საქართველოში არაერთხელ გაიგონებთ ამ სიტყვას, თუმცა მისი ლექსიკონში შეტანა ჯერ არავის უფიქრია, თუმცა ამის მცდელობა უკვე ჰქონდათ გერმანელებს. მათ სურდათ ცნობილ გერმანულ-გერმანულ განმარტებით ლექსიკონ Duden-ში ახალი ზმნა Googeln ჩაეწერათ, თუმცა Google-ის ხელმძღვანელებმა არ ისურვეს კომპანიის სახელის ზმნად გადაკეთება. ამის მიუხედავად, გერმანელები მაინც აქტიურად განაგრძობენ ამ „ზმნის“ გამოყენებას.

დროთა განმავლობაში Google-მა სხვა პროდუქტების შექმნა დაიწყო, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. დღეს Google არის არა მარტო საძიებო სისტემა, არამედ Google Mail-ის, Picasa-ს, Android-ის, Google Doc-ის, Google Chrome-ის, Google Talk-ის, Google Translate-ს, Google Earth-ის, Google Wallet-ის, Google Plus-ის დამარსებელი, Youtube-ის და Blogger-ის მფლობელი. კომპანია, რომელსაც 13 წელი სულ ახლახანს შეუსრულდა, გვევლინება უძლიერეს სისტემად, რომელსაც მოპოვებული აქვს მომხმარებელთა ნდობა – სტატისტიკის მიხედვით, Google-ს 90%-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს. Yahoo-ს და Bing-ს კი მხოლოდ 3.5 %.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ Statcounter.com-ის გრაფიკი.

ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე

წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრების ერთი დღე სოციალური მედიის გარეშე?  იღვიძებთ დილით, იმზადებთ ფინჯან ყავას და ჯდებით კომპიუტერთან, მაგრამ არ შედიხართ Facebook-ზე, არ უყურებთ ვიდეოებს Youtube-ზე, არ ეძებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას Wikipedia-ზე, არ ერთვებით Forum.ge-ს ცხელ დისკუსიებში, არ კითხულობთ ბლოგებს… რას იტყვით? წარმოიდგენთ თქვენს ცხოვრებას ამ „სიამოვნებების“ გარეშე? შეგიძლიათ დასჯერდეთ მხოლოდ სხვების მოწოდებული ინფორმაციის კითხვას? თუ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თავად იყოთ ინფორმაციის გამცემი?

სოციალური მედიის მთავარი პრინციპი კი სწორედ ეს არის – ადამიანები თავად ქმნიან ვებ-გვერდის „კონტენტს“, თავად არჩევენ რა იყოს მთავარი თემა, რა კუთხით გაშუქდეს ეს ინფორმაცია და ვისთვის იყოს ის ხელმისაწვდომი. სოციალურ მედიას ჩვეულებრვი ადამიანები ქმნიან, მათი თანამონაწილეობის გარეშე ვერ ირსებებდა Facebook, Youtube, Twitter, Wikipedia და სხვა საიტები. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების გარეშე ეს ვებ-გვერდები ცარიელ ფურცელს დაემსგავსებოდა.

სოციალური მედია XXI საუკუნის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს ნებისმიერ პიროვნებას, რომ შექმნას თავისი პატარა „ტრიბუნა“, გამოთქვას აზრი ფარულად ან ხილულად მისთვის საინტერესო საკითხზე, გაავრცელოს ნებისმიერი სახის ვიდეო, აუდიო თუ ტექსტური ჩანაწერი, დააინტერესოს სხვა პიროვნებები და გაიჩინოს მრავალი მიმდევარი, ე.წ.Follower-ი.  სოციალური მედია დღეს ყველაზე თავისუფალი სივრცეა. ამ დემოკრატიულ სივრცეში ყველა ადამიანი თანასწორია. ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ბლოგი და რედაქტირების და ცენზურის გვერდის ავლით დაწეროს და გაავრცელოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. დღეს ყველას შეუძლია ციფრული კამერით გადაღებული ფოტო თუ ვიდეო მასალით მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, ყველას აქვს უფლება ფორუმზე თემა გახსნას და მისთვის საინტერესო საკთხზე დისკუსია გამართოს, ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია და სიუჟეტების მთავარი თემები თავად განსაზღვროს, ყველას შეუძლია ყველაზე დიდი ონლაინ-ენციკლოპედია Wikipedia-სთვის თუნდაც ერთი სტატია დაწეროს.  ადამიანებს დღეს განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვთ, მათთვის ეს ყველაფერი მისაწვდომია თუ კი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ექნებათ.

სოციალურ მედიას დიდი მომავალი აქვს, დიდი და საინტერესო. ჩვენ მხოლოდ  მის აღმავლობის პერიოდს ვუყურებთ. ექსპერტები ვარაუდებს უკვე თამამად გამოთქვამენ – მალე ცხოვრება ვირტუალურ სამყაროში უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე რეალურში და ინტერნეტი ინფორმაციის მიწოდების და გადაცემის მთავარი წყარო გახდება.

ის, რაც დაიწყეს სამხედროებმა…

თქვენ რა იფიქრეთ? რომ სამხედროებმა ომი დაიწყეს? ან გგონიათ სამხედროები მხოლოდ ომს იწყებენ? ან ფიქრობთ მათი ინიციატივები მხოლოდ ბრძოლასთან არის დაკავშირებული? და თქვენ რას იტყვით, როცა გაიგებთ, რომ ის, რისი საშუალებითაც ახლა ამ წუთას ამ პოსტს კითხულობთ, სწორედ სამხედროების შექმნილია? დიახ ბატონო, ინტერნეტი ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს 🙂

ინტერნეტის შექმნის ერთი კონკრეტული თარიღი არ არსებობს, თუმცა ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა საბჭოთა კავშირმა 1957 წელს კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. აშშ-ში ჩათვალეს, მათი მოწინააღმდეგე ომისთვის ემზადებოდა, ამის საპასუხოდ კი 1958 წელს ამერიკელმა სამხედროებმა შექმნეს ინფორმაციის გადაცემის ყველაზე საიმედო სისტემა, რომელსაც არ ექნებოდა ერთი ცენტრი.

როგორც ხედავთ საბჭოთა კავშირსაც მიუძღვის წვლილი ინტერნეტის შექმნის დიად საქმეში 😀

ინტერნეტს თავდაპირველად მხოლოდ სამეცნიერო ინსტიტუტები იყენებდნენ, ისინი ქსელის საშუალებით ინფორმაციას ცვლიდნენ. თანდათან იხვეწებოდა და ვითარდებოდა ტექნოლოგიები, დღეს კი უკვე ჩვენ წინაშეა ქსელი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ინტერნეტის არსებობის მთელ ისტორიას აღარ მოგიყვებით, ძალიან შორს წავალთ 😀

პოსტის ბოლოს კი მოვიყვან პოპულარული საიტის Alexa.com-ის მონაცემებს, საქართველოში ათი ყველაზე საინტერესო საიტი:

  1. Facebook
  2. Google.com
  3. Youtube
  4. Google.ge
  5. Odnoklassniki.ru
  6. Wikipedia
  7. Mail.ru
  8. Yahoo.com
  9. Forum.ge
  10. Myvideo.ge

P.S. 17-ე ადგილას jobs.ge დგას, როგორც იტყვიან, მითხარი რომელი საიტია თქვენს ქვეყანაში პოპულარული და გეტყვით რა გაწუხებთ თქვენ 😀

შემოდგომა საგაზაფხულო განწყობით

წელიწადის ეს დრო დიდად არ მიყვარს, შემოდგომის გახსენებაც კი სევდიან განწყობაზე მაყენებს, პირველი ასოციაცია, რაც თავში მომდის არის სიცივე, რაც ძალიან ძალიან არ მიყვარს. საერთოდ არ ვარ “ზამთრის ტიპი”. აი ხომ არიან ადამიანები თოვლზე, გუნდაობაზე, თხილამურებზე და ა.შ. რომ გიჟდებიან. მე კიდევ არც ერთი მიყვარს, არც მეორე, მესამე არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი 😀

შემოდგომა ჩემთვის არის ცივი, უმზეო, უხალისო დღეები, როცა გარეთ გასვლა არ მინდა, როცა გარეთ სიარული მეზარება, როცა ოთახში რაღაცნაირად ბნელა, რადგანაც მოქუფრული ცაა გარეთ. და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე. I need the sun for good mood 😀 ტყუილად არ დამირქმევია ამ ბლოგისთვის მზის მოყვარულის ბლოგი 🙂

თქვენ თუ მეტყვით, რომ შენ შემოდგომაზე ტყეში არ წასულხარ ალბათ და იმიტომ ამბობ ასეო, ცდებით მეგობრებო 😀 აი შემოდგომის ტყე სულ სხვაა მართლა 🙂 მაგრამ ტყე და ღრე მე ვიცი შაბათ-კვირას კაცო 😀 ყოველდღიურად ტყეში რა ჯანდაბა მინდა 😀 და ყოველ დღე სადაც ვარ, იმ გარემოში კიდევ არ მიყვარს ეს შემოდგომა.

სულ სხვაა გაზაფხული, როცა ყველაფერს ახალი ენერგიით იწყებ, რაღაც გეგმებს ალაგებ, რაიმეს ელოდები, აქტიურობის განწყობაზე ხარ, მზის პატარა სხივიც კი გათბობს… ახლა ამ შემოდგომაზე ზუსტად საგაზაფხულო განწყობა მაქვს 🙂 მომატებული მოტივაციით, მეტი ენერგიით და შემართებით ვარ. სხვანაირად როგორ უნდა ვიყო – ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი მქონდა 🙂 სულიერი სიმშვიდის და ჰარმონიის პერიოდი მაქვს 😀

პოსტი სოფლიდან

ამ პოსტს სოფლიდან ვწერ. შაბათ-კვირას აქეთ წამოვედით, მოგეხსენებათ კახეთში ახლა რთველია დაწყებული 🙂 ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში ვარ. თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრია. ეს არის ჩემი ქმრის სოფელი. ახლა ყველანი რთველში არიან წასულები. მე კიდევ მოვიდგი გვერდით ყავა, ლეპტოპი, მაგთი ფიქსი და შევუდექი მორიგი პოსტის წერას 🙂 დიდად არ მხიბლავს ყურძნის კრეფის პროცესი 😀 ეგეც არ იყოს და, სახლს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდით 😀 მე კიდევ უსაქმოდ კი არ ვზივარ – ჩემი მოვალეობაა მოვხარშო ხორცი, არ ჩავაქრო ღუმელი და მივხედო სახლ-კარს 😀

ამის გარდა კიდევ იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სიზარმაცემ შემომიტია და ჩემი სამსახურის საქმეების მიხედვას ბლოგზე წერას ვამჯობინებ 😀 არადა დიქტაფონიდან ორი  ინტერვიუ მაქვს გასაშიფრი, ერთი 30 წუთიანი, მეორე 40 წუთიანი. ამის გარდა, უნდა გადავხედო რაღაც მასალებს, რომლის გარეშეც სტატიას ვერ დავწერ, ან თუ დავწერ ნაკლებად საინტერესო იქნება. სიზარმაცის განდევნის რაიმე ეფექტური გზა არ იცით? იდეა შემომთავაზეთ 🙂

სახლში ახლა მე, ჩაკი, ჩოპრა და კოღოები ვართ 😀

ჩოპრა და ჩაკი

უკვე საშინლად ვარ დაკბენილი, ერთი წუთით არ მტოვებენ, სულ თავზე დამტრიალებენ 😀 ჩაკი და ჩოპრა ჩვენი ძაღლები არიან, უბრალოდ ძაღლები კი არა, ძალიან ჭკვიანი ძაღლები:) ისე უყვართ მოფერება, რომ ხან ვფიქრობ, ფისოები უფრო არიან ვიდრე ძაღლები თქო 🙂

საღამოს თბილისში წავალთ, თორნიკეს სამსახური აქვს, მე კიდევ სწავლა მეწყება 🙂 დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩაივლის პირველი დღე 🙂 სწავლა კვირაში 3 დღე გვექნება და იმედი მაქვს, მუშაობაში ხელი არ შემეშლება 🙂