Tag Archive | ბლოგი

რატომ შევქმენი ბლოგი

ბოლო დროს რამდენიმე ბლოგერმა დაწერა რატომ შექმნეს ბლოგი. გადავწყვიტე მეც მომეყოლა საიდან დამებადა იდეა და როგორ მოვედი აქამდე 😀

ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როცა ინტერნეტში მორიგი ბოდიალისას სულ შემთხვევით გადავწყდი როკოს ბლოგს. მაშინ პირველად გავიგე, რომ თურმე ასეთი რამეც არსებობდა 😀 ასევე გავიგე, რომ უფასო იყო მისი გაკეთება, მაგრამ როგორ და რანაირად უნდა გამეკეთებინა, მაგდენი უკვე აღარ ვიცოდი. შემდეგ 2008 წელი იყო ალბათ, ზუსტად აღარ მახსოვს,  IREX – მა ჟურნალისტებისთვის ჩაატარა სემინარი და იქ გაგვაცნეს რა არის ბლოგი, როგორ შეიძლება ის გამოიყენონ ჟურნალისტებმა და მედია ორგანიზაციებმა, რა შესაძლებლობები აქვს მას და ა.შ. იმ სემინარის დღეებში ყველას გაგვაკეთებინეს ჩვენი ბლოგი. მეც რა თქმა უნდა გავაკეთე wordpress-ში რაღაც ბლოგი,  რომელზეც იმის შემდეგ აღარასოდეს შევსულვარ 😀 სხვათაშორის იმ სემინარზევე აგვიხსნეს როგორი სასარგებლო რამეა Flickr და რომ ის აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტ ჟურნალისტს 🙂 ნეტა რამდენ ქართველ ჟურნალისტს აქვს Flickr? ნუ, ეს დავტოვოთ რიტორიკულ შეკითხვად 😀

კინაღამ დამავიწყდა, ეს ის პერიოდი იყო ჭრელა-ჭრულა piczo საიტები რომ იყო პოპულარობის პიკზე 🙂 მაგრამ არასოდეს მომინდომებია მორიგი სასიყვარულო ლექსებით და ჩანახატებით გადაჭედილი piczo სიტის ქონა =))

ქართულ ბლოგოსფეროში მაშინ სულ რამდენიმე ბლოგერი მოღვაწეობდა და ძალიან ცნობილი ბლოგები ჰქონდათ. ვერ ვიტყვი რომელიმე ჩემი მუზა იყო მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობდი ხოლმე მათ პოსტებს, აქ ძველ “სტაჟიან” ბლოგერებს ვგულისხმობ – სვითი, დოდკა, თინი და ა.შ.

პერიოდულად ვაკეთებდი ბლოგებს, blogspot-ზეც და wordpress-ზეც, მაგრამ შემდეგ სულ ვივიწყებდი სამწუხაროდ.

ახლა კი ბლოგის გაკეთება იმიტომ მოვინდომე, რომ

1. მიყვარს წერა, წერის პროცესი – ჩემ თავთან  “ლაპარაკი”, გვერდით მოდგმული ყავის ჭიქით, სტრესის და სიჩქარის გარეშე.

2. ყველა თემაზე და საკითხზე გამაჩნია ჩემი საკუთარი აზრი და მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი ემოციები, ჩემი ფიქრები.

3. მინდა ვწერო და ვიყო სუბიექტური. 2 წელზე მეტია ვმუშაობ ჟურნალისტად და ხან მინდა ხოლმე, რომ რესპოდენტების აზრი კი არა, ჩემი აზრი დავწერო, მე რასაც ვფიქრობ ამ საკითხზე და მე როგორც აღვიქვამ ამ თემას, ის დავწერო 🙂 ბლოგზე ჩემია ბურთიც და მოედანიც 😀 არც რედაქტორია, არც კორექტორი, წერე რაც გინდა 😀

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ…..

ერთი თვეა აღარაფერი დამიწერია ბლოგზე, დიდი შესვენება გამომივიდა.

საკმაოდ დამღლელი და სტრესული ერთი თვე მქონდა, ამის გამო იყო რომ ავიღე წერაზე ხელი. მაგრამ ახლა ნელ-ნელა დავლაგდები და დავუბრუნდები აქაურობას. იმდენი იდეა მიტრიალებს თავში, იმდენ რამეზე მინდა დავწერო და ხან უდროობა მაწუხებს, ხან მეზარება, ხან რა, ხან რა…..

მოკლედ რომ შევაჯამო, ამ ერთი თვის განმავლობაში დაკავებული ვიყავი მაგისტრატურის და სამსახურის საქმეებით.

  • პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, გავიგე ჩემი მაგისტრატურის გამოცდების ქულები.
    ანალიტიკური წერა – 22 ქულა 24-დან
    წაკითხულის გააზრება – 15 ქულა 21-დან
    ლოგიკური მსჯელობა – 12.2 ქულა 20-დან
    რაოდენობრივი მსჯელობა – სამარცხვინო 8.6 ქულა 17-დან 😀

რაც მთავარია ოთხივე ნაწილში გადავლახე ზღვარი და იმდენი მოვახერხე, რომ მათემატიკაში არ ჩავიჭერი 😀 რაც თავისთავად უკვე გმირობაა ჩემგან 😀 რა ვქნა, არ გამოგვდის მე და მათემატიკას მეგობრობა 😀 შესაბამისად, ამ 8.6-ითაც კი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი 🙂 თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავიჭერი და თურმე, როგორც მჩვევია ხოლმე, ტყუილად მიპანიკიორია 🙂 გამოცდების შესახებ ცხელ-ცხელი პოსტები ნახეთ აქ   და  აქ.

  • მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ გამოცდები კარგად ჩავაბარე, საბუთები შევიტანე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ჯიპაში, ჟურნალისტიკის და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. თუმცა გაირკვა, რომ ჯიპას ქართულენოვანი სექტორი გაუუქმებია და მხოლოდ ინგლისურენოვანი სექტორი იყო დარჩენილი. აქ ჩასაბარებლად კი მსურველებს ინგლისურის ტესტი Institutional TOEFL უნდა დაეწერათ და კომისიასთან გასაუბრება უნდა გაევლოთ ასევე ინგლისურად.  ეს რომ გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ Institutional TOEFL კი არა, Intermediate ტესტსაც კი ვერ დავწერ ალბათ თქო.

    საერთოდ სკოლაში და უნივერსიტეტში არასოდეს მისწავლია ინგლისური, მეორე კურსზე ვიყავი როცა ინგლისურში კერძოდ დავიწყე მომზადება და წერა-კითხვა და ძალიან მარტივი გრამატიკა ვისწავლე. მაშინ სიზარმაცის და მოტივაციის ნაკლებობის გამო დავანებე სწავლას თავი და იმის შემდეგ აღარც მივტრიალებივარ ამ ენას. მერე რადგანაც გერმანიაში ვერ წავედი  (ამაზე ცალკე დავწერ როდისმე 🙂 ) დავიწყე იმაზე ფიქრი სად გამეკეთებინა მაგისტრატურა და მაშინ შევარჩიე ზუსტად ჯიპა. რადგანაც ვიცოდი, რომ ჯიპაში სახელმძღვანელოები ინგლისურად უნდა ყოფილიყო, სპეციალურად დავიწყე ამ ენის სწავლა დაახლოებით 8-9 თვის წინ. დავიწყე სერიოზულად სწავლა და გულდასმით მეცადინეობა, მაგრამ 8 თვეში ისეთი სასწაულებიც არ ხდება, რომ უცებ TOEFL ჩააბარო 😀 ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი გამოცდის გამო. სულ მქონდა 3 კვირა სამეცადინოდ. ვერ ვიტყვი დიდად თავი მოვიკალი თქო მეცადინეობით, მაგრამ ყოველდღე ვაკეთებდი მოსასმენ ტესტებს, ვწერდი გრამატიკულ სავარჯიშოებს, ვუყურებდი ფილმებს, კომიქსებს, მულტფილმებს ინგლისურად, ყოველდღე ვსტუმრობდი BBC-ს ინგლისური ენის გაკვეთილების საიტს 🙂 არ ვიცი რამდენად მოვახერხე ცოდნის გაუმჯობესება, მაგრამ შეძლებისდაგვარად ძალისხმევა არ დამიშურებია 🙂   ჯიპას გასაუბრებაზე ხვალ დავწერ პოსტს.

  • ზუსტად ამ ერთ თვეშივე სრულიად მოულოდნელად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ გაზეთში, რომელიც ძალიან მომწონდა ყოველთვის და რომელსაც საკმაოდ კარგი სახელი და რეპუტაცია აქვს დღევანდელ გაფუჭებულ მედიას შორის 😀 ჯერ-ჯერობით საცდელი ვადით ვარ  და მერე ვნახოთ რა იქნება. ახლა მთლიანად ამ გაზეთზე ვარ გადართული, ყველანაირად ვცდილობ დავალებები პირნათლად შევასრულო 🙂 გაზეთის სახელს არ ვწერ, თუ ამ ყველაფერს კარგი დასასრული ექნება, მერე გავამხელ 🙂

    რა თქმა უნდა შეიძლებოდა ამ ყველაფერთან ერთად ბლოგზეც მეწერა ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ამ მხივ ცოტა ვიზარმაცე. თუმცა რაც მთავარია – აწი აღარ დავიკარგები 🙂

პირველი……

ყველას მოგესალმებით! 🙂 კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ჩემს ბლოგზე!

welcome

ნათქვამია, პირველი ყველაფერი რთულიაო 🙂 არ ვიცი, ყველა სიტუაციას ერგება თუ არა ეს ფრაზა, მაგრამ პირველი პოსტის დაწერა აშკარად რთულია.

დიდი ხანია მინდოდა ბლოგის გაკეთება, რამდენჯერმე დავიწყე და შემდეგ აღარ გავაგრძელე. ხოდა ეს ბლოგი ფაქტიურად ჩემი მეოთხე ბლოგია 😀

იმედი მაქვს, ამასაც არ მივატოვებ შუა გზაზე და არ ვიზარმაცებ და დავწერ ხოლმე პოსტებს 🙂

ბოლოს და ბოლოს, წერა არის საქმე, რომელიც არასოდეს მბეზრდება;

პროცესი, რომლის დროსაც ვერ ვგრძნობ დროის მსვლელობას,

არ ვუსმენ გარშემომყოფთა ლაპარაკს,

თავში მებადება უამრავი იდეა, აზრი, წინადადება და ვჩქარობ ყოველი მათგანის დაწერას 🙂

ვწერ ძალიან ბევრს და მიჭირს გაჩერება და უბრალოდ, წერტილის დასმა 😀

ალბათ არ გაგიჭირდებათ ჩემი პროფესიის გამოცნობა –

გამარჯობა, მე ჟურნალიტი ვარ 😀