Tag Archive | გამბედაობა

კითხვის დასმის ხელოვნება

“სჯობს დასვა კითხვა და 5 წუთით გამოჩნდე სულელი, ვიდრე არ დასვა კითხვა და სულელად დარჩე ბოლომდე”

სამწუხაროდ არ მახსოვს ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, მაგრამ ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ კითხვის დასმას თავისი ნიჭი და მოხერხება უნდა 🙂

არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ჰყოფნით გამბედაობა, ასწიონ ხელი და დასვან შეკითხვა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მიიპყრონ ყურადღება, მასზე უნდა იყოს მიპყრობილი გარშემომყოფთა მზერა და უნდა მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს კი ზოგიერთს აბნევს (აქ არ ვგულისხმობ რიტორიკული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს, რომელთაც ოღონდ აუდიტორია მიეცი და შეუჩერებლად ილაპარაკებენ 😀 ). იყო პერიოდი, როცა მეც თავს ვიკავებდი ღრმად ჩავძიებოდი რაღაც საკითხებს და ვცდილობდი რაც მაინტერესებდა იმის შესახებ კი არ მეკითხა, არამედ მოვსულიყავი სახლში და ინტერნეტში მომეძია პასუხი 😀 არადა რა დეგენერატობაა ახლა ეს 😀 რატომ უნდა მოგერიდოს კითხვის დასმა? რაიმე კომენტარის გაკეთება? შენი აზრის თავისუფლად და თამამად გამოთქმა?

პირველად ამ საკითხმა უნივერსიტეტში ჩაბარების დროს შემაწუხა. პირველ კურსზე ჩვენმა ერთ-ერთმა ლექტორმა ანცი ფარსადანიშვილმა გვითხრა – სტუდენტებს იმით ვაფასებ, თუ რა შეკითხვას დამისმევსო. რომ დაფიქრდეთ, არის ამაში რაღაც ჭკვიანური 🙂 იმის მიხედვით, თუ რას ვკითხულობთ, სააშკარაოზე გამოგვაქვს რა არ ვიცით 🙂 მაგრამ თუ არ ვიკითხეთ, არც არასოდეს გვეცოდინება.

მერე როცა უკვე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებოდი. როცა მასალაზე მუშაობ და რესპოდენტთან მიდიხარ, რა თქმა უნდა, მომზადებული უნდა წახვიდე. არც ერთი თავმოყვარე ჟურნალისტი წინასწარი მომზადების გარეშე ინტერვიუზე არ წავა. მაგრამ საუბრის დროს თუ რესპოდენტი შეეხო ისეთ თემას, რომელზეც მანამდე არ გსმენოდა არაფერი, მაშინ ორი აზრი არ არსებობს – უნდა ჩაეძიო ბოლომდე და ყველაფერი დააზუსტებინო – ვინ როდის სად რა გააკეთა 😀 ამ დროს უკვე იმას აღარ ვფიქრობ, რამდენად განათლებული თუ გაუნათლებელი გამოვჩნდები იმ პირის წინაშე 😀 მთავარია ინფო მოვიდეს ჩემამდე 😀

უნივერსიტეტში მეორე კურსზე Minor სპეციალობების არჩევის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებს მხოლოდ ორი პროფესიიდან უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი – ან საბუღალტრო ან მენეჯმენტი. ამან რასაც ქცია ჭკუიდან გადამიყვანა, რადგან ძალიან მინდოდა სტილი კორექტორის არჩევა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც ჟურნალისტიკა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო და სტილის კორექტორი კიდევ ჰუმანუტარულზე და Minor ფაკულტეტის შიგნით უნდა აგვერჩია. 

ზუსტად იმ დღეებში მაშინდელი რექტორი გიორგი გოცირიძე შეხვდა სტუდენტებს. მეც ვესწრებოდი იმ შეხვედრას და ბოლოს, როცა უკვე მორჩა ლაპარაკს – კითხვები ხომ არ გაქვთო, მოგვმართა. ხოდა ძალიან დაუფიქრებლად და გაუაზრებლად წამოვდექი და ვკითხე – “ახლა ჟურნალისტიკის მეორე კურსზე ვარ და უნდა ავირჩიო Minor – საბუღალტრო ან მენეჯმენტი. ბატონო გია, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტს საბუღალტრო უფრო სჭირდება თუ მენეჯმენტი?” 😀 მახსოვს როგორ ასწია ხელები და გაოცებულმა თქვა  – აი ჟურნალისტიო 😀 დარბაზში ბავშვებმა სიცილი და ტაშის კვრა დაიწყეს 🙂 მართალია ამით არაფერი შეცვლილა და მომდევნო 3 წელი საბანკო საქმეს, ფინანსურ აღრიცხვებს, ბიზნეს ეთიკას, ტურიზმის მენეჯმენტს და ჩემთვის სრულიად  არასაჭირო სხვა მსგავს საგნებს გავდიოდი, მაგრამ მაგ დღისით ჩემი პირადი ეგო ნამდვილად დავიკმაყოფილე 😀 ერთი საინტერესო საგანი, რაც მახსოვს, მარკეტინგი იყო, რომელსაც მართლა ინტერესით ვსწავლობდი.

არასოდეს მოგერიდოთ კითხვის დასმა, აზრის გამოთქმა, წამოდგომა და უბრალოდ ხელის აწევა. გახსოვდეთ – გამბედავი ადამიანები მეტს იგებენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით 😀