Tag Archive | სემინარი

რა არის შენი დევიზი?

ამას წინ ვწერდი, რომ რეკლამის შესახებ სემინარზე ვიყავი-მეთქი. გარდა იმისა, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, ერთი ძალიან კარგი ფსიქოლოგიური  ტესტიც გაგვაკეთებინეს. ამ ტესტმა აღმაფრთოვანა მართლა 🙂 ზოგადად, ასეთი ტესტები ძალიან მიყვარს, ინტერნეტში ვეძებ ხოლმე და ვაკეთებ და მერე ინტერესით ვეცნობი შედეგებს 😀 თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი არასოდეს ემთხვევა და მაინცდამიანც სერიოზულად არც ღირს პასუხების მიღება თუ აღქმა 😛

ახლა ჯერ გასწავლით, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ტესტი. მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, დაჯექით მოხერხებულად 🙂 და დაიწყეთ. დავალება არის ასეთი – სიტყვა “შემოქმედების” გახსენებაზე, რა ასოციაციები გიჩნდებათ? რა არის თქვენთვის შემოქმედება?  გირჩევთ, არ წაიკითხოთ პოსტი ბოლომდე, რომ ამან რაიმე გავლენა არ იქონიოს ტესტის შედეგზე. ამიტომ რასაც წაიკითხავთ, თან პარალელურად გააკეთეთ 🙂

  • ჩამოწერეთ ვერტიკალურად 16 სიტყვა, რომელიც გაგივლით თავში და უკავშირდება შემოქმედებას. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი არ უნდა იფიქროთ. რაც გაგახსენდებათ, ეგრევე ჩაწერეთ.
  • შემდეგ ამ 16 სიტყვიდან უნდა მიიღოთ რვა. რას აკეთებთ ამისთვის – პირველი და მესამე სიტყვები დააკავშირეთ ერთმანეთს ისე, რომ მიიღოთ ერთი სიტყვა ანუ დაწერეთ  ამ ორი სიტყვის წაკითხვაზე რა ასოციაცია გიჩნდებათ. და ასე მიყევით – პირველი და მესამე, მეორე და მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე,მეექვსე და მერვე და ა.შ.
  • როცა მიიღებთ 8 სიტყვას, შემდეგ ანალოგიური მეთოდით მიიღეთ 4 სიტყვა;
  • 4 სიტყვიდან მიიღეთ 2.
  • ორი სიტყვისგან მიიღეთ ერთი სიტყვა. საინტერესოა რა სიტყვა მიიღეთ 🙂
  • ახლა კი დახუჭეთ თვალები და ამ ერთი სიტყვის გამოყენებით ჩამოაყალიბეთ წინადადება. ბევრი არ იფიქროთ, უბრალოდ ამ სიტყვაზე რა ასოციაციაც გაგიჩნდებათ, ჩამოაყალიბეთ წინადადებად და დაწერეთ.

ახლა კი დახედეთ ფურცელს – მიღებული წინადადება არის თქვენი მოწოდება, თქვენი დევიზი, ფრაზა, რომელსაც თქვენი შინაგანი “მე” აღიარებს და მიიჩნევს სწორად.

როცა მე გავაკეთე ეს ტესტი, არ ვიცოდი რა უნდა მიგვეღო, ხოდა ძალიან ბუნებრივად და ჩემდა უნდებურად ბოლო 4 სიტყვა მივიღე “ფილმი, წიგნი, სახლი, სივრცე” 🙂 შემდეგ ამ ოთხიდან მივიღე “სიმყუდროვე” და “სავარძელი”. ეს ორი სიტყვა კიდევ სხვას რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა სახლს 😀 ხოდა ჩემი ბოლოს მიღებული სიტყვა იყო “სახლი”. წინადადების შედგენა რომ გვთხოვეს, არც მიფიქრია, ავტომატურად დავწერე “ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიამგრეა” 😀 და მერე რომ დავხედე, ჩემ თავზე გამეცინა 😀 ტიპიური კირჩხიბის დევიზი მივიღე 😀 მივიღე ის ფრაზა, რომელიც მართლა მახასიათებს მე და მართლა არის ჩემთვის სრული ჭეშმარიტება 🙂

ახლა თქვენც გაგიზიარეთ ჩემი შთაბეჭდილება 🙂 თუ არ დაგეზარათ და გააკეთეთ ტესტი, თქვენი მიღებული წინადადება გაგვიმხილეთ 🙂

Advertisements

რეკლამის ფსიქოლოგია

გუშინ ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო სემინარზე. ჯიპამ სასერტიფიკატო კურსების დაწყების წინ რეკლამის სტრატეგიული და კრეატიული მენეჯმენტის თემაზე სემინარი ჩაატარა. პროგრამას რომ გადავხედე, ვფიქრე ყველაფერზე  მინდა დასწრება-მეთქი 😀 ბოლომდე დავრჩი და არც მინანია, თუმცა ისე დავიღალე, რომ ბოლო ორ  გამომსვლელს გამოშტერებული ვუსმენდი 😀

სხვადასხვა სარეკლამო კომპანიების არტ და კრეატიულმა დირექტორებმა სარეკლამო სტრატეგიაზე, სარეკლამო ფოტოზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე, კრეატიულ სტრატეგიაზე და სხვა კიდე ბევრ თემაზე თავისი მოსაზრებები გაგვაცნეს, საინტერესო ისტორები მოგვიყვნენ და კონკრეტული რეკლამებიც შეაფასეს.

პირადად ჩემთვის, ერთი დიდი სიამოვნებაა კარგად გადაღებული რეკლამის ნახვა. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო რეკლამის დროს ყველა თქვენგანს ნერვი ეშლება და ერთი სული აქვს როდის დასრულდება უკვე მობეზრებული და ათასჯერ ნანახი რეკლამები 😀 მეც თქვენ რიგებში ვარ 🙂 მაგრამ ხშირად youtube-ზე ვეძებ ხოლმე საინტერესო რეკლამებს და ჩემი ნებით ვუყურებ 😀 ასე ბევრად უფრო საინტერესო და სახასლისოა რეკლამების ყურება, ხომ მეთანხმებით? 🙂

სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ კომპანია FedEx-ის ლოგოს აქვს საინტერესო ისტორია. შეხედეთ სურათს და დაინახავთ, რომ E და x გადაბმის ადგილას თეთრ ისარს ქმნიან 🙂 რამდენჯერ მინახავს ეს ლოგო, მაგრამ აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია 🙂 როგორც გუშინ აგვიხსნეს, ეს წინ მიმართული ისარი ნიშნავს კომპანიის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ.

საინტერესო იყო ასევე ქართული რეკლამების მათეული შეფასებები. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სარეკლამო სახედ დაასახელეს კახა კალაძე, რომელიც მაგთის რეკლამას აკეთებდა. მაგთი, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, სახალხო რეკლამებით იყო და არის ცნობილი და მისი “აქაცა რეკამს” და “ხო გადმოვრეკე, აი” ყველამ კარგად იცის, უცებ სარეკლამო სახედ გვთავაზობს პერსონას, რომელიც ფერარით დადის და არმანით იმოსება 😀 თავისთავად ცხადია, სარეკლამო სტრატეგია  ასე ალოგიკურად არ უნდა შეიცვალოს.

ასევე წარუმატებელ რეკლამად დაასახელეს ნატახტარის ლუდის “ტრიდე-ს” რეკლამა, რადგანაც რეკლამაში მოყვანილი კადრები სრულიად არ შეესაბამებოდა ლუდის დალევის შემდეგ მდგომარეობას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ლუდს კედლებზე არ გაყავხარ და ენერგიას არ გმატებს, პირიქით – გთენთავს. აშკარად “ტრიდე-ს” შემქმნელებს ლუდი რედბულში აერიათ 😀

რაც შეეხება წარმატებულ ქართულ რეკლამას და სარეკლამო კამპანიას, დაასახელეს “თიბისი ბანკის” რეკლამა.

ალბათ ყველას გახსოვთ ეს თამაში, ედმონდ აბაშიძის მიერ დამარხულ ფულს რომ მთელი თბილისი ეძებდა და ბოლოს, 26 მარტს, საქართველო-ხორვატიის მატჩზე რომ იპოვა ბედნიერმა მოქალაქემ 😀 ისიც გეცოდინებათ, ამ თამაშმა რამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საზოგადოების რაღაც ნაწილს თიბისის მიმართ ნდობა დააკარგვინა, მაგრამ სარეკლამო კომპანიებმა ეს თამაში და მთელი კამპანია ორი ნიშნის გამო გამოარჩიეს – პირველი ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ Tbc ბანკში დეპოზიტების რაოდენობა 26 მილიონი ლარით გაიზარდა და როცა სხვა ბანკებში პირიქით, ანაბრების რაოდენობა კლებულობდა, თიბისიმ დეპოზიტები 6 %-ით გაზარდა. და მეორე, ეს რგოლი, რომელიც სარეკლამო კომპანია WINDFOR’S-მა დაამზადა, გახდა  მე-18 საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის Goldenrum-ის გამარჯვებული.

გუშინდელ სემინარზე  სარეკლამო სფეროში გადაბარგების სურვილიც კი გამიჩნდა 😀 მიუხედავად იმისა, რომ ყველა საქმე, რასაც არ უნდა აკეთებდე, დამღლელია, მაინც ვფიქრობ, რომ სარეკლამო კომპანია არის სამსახური, სადაც რაღაც მომენტში ერთობი და თან ფულს გიხდიან 😀 შეიძლება ვცდები კიდეც, როგორც იტყვიან, გარედან ყველაფერი ლამაზი ჩანს 😀