Tag Archive | სიზარმაცე

პოსტი სოფლიდან

ამ პოსტს სოფლიდან ვწერ. შაბათ-კვირას აქეთ წამოვედით, მოგეხსენებათ კახეთში ახლა რთველია დაწყებული 🙂 ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში ვარ. თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრია. ეს არის ჩემი ქმრის სოფელი. ახლა ყველანი რთველში არიან წასულები. მე კიდევ მოვიდგი გვერდით ყავა, ლეპტოპი, მაგთი ფიქსი და შევუდექი მორიგი პოსტის წერას 🙂 დიდად არ მხიბლავს ყურძნის კრეფის პროცესი 😀 ეგეც არ იყოს და, სახლს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდით 😀 მე კიდევ უსაქმოდ კი არ ვზივარ – ჩემი მოვალეობაა მოვხარშო ხორცი, არ ჩავაქრო ღუმელი და მივხედო სახლ-კარს 😀

ამის გარდა კიდევ იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სიზარმაცემ შემომიტია და ჩემი სამსახურის საქმეების მიხედვას ბლოგზე წერას ვამჯობინებ 😀 არადა დიქტაფონიდან ორი  ინტერვიუ მაქვს გასაშიფრი, ერთი 30 წუთიანი, მეორე 40 წუთიანი. ამის გარდა, უნდა გადავხედო რაღაც მასალებს, რომლის გარეშეც სტატიას ვერ დავწერ, ან თუ დავწერ ნაკლებად საინტერესო იქნება. სიზარმაცის განდევნის რაიმე ეფექტური გზა არ იცით? იდეა შემომთავაზეთ 🙂

სახლში ახლა მე, ჩაკი, ჩოპრა და კოღოები ვართ 😀

ჩოპრა და ჩაკი

უკვე საშინლად ვარ დაკბენილი, ერთი წუთით არ მტოვებენ, სულ თავზე დამტრიალებენ 😀 ჩაკი და ჩოპრა ჩვენი ძაღლები არიან, უბრალოდ ძაღლები კი არა, ძალიან ჭკვიანი ძაღლები:) ისე უყვართ მოფერება, რომ ხან ვფიქრობ, ფისოები უფრო არიან ვიდრე ძაღლები თქო 🙂

საღამოს თბილისში წავალთ, თორნიკეს სამსახური აქვს, მე კიდევ სწავლა მეწყება 🙂 დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩაივლის პირველი დღე 🙂 სწავლა კვირაში 3 დღე გვექნება და იმედი მაქვს, მუშაობაში ხელი არ შემეშლება 🙂


Advertisements

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ…..

ერთი თვეა აღარაფერი დამიწერია ბლოგზე, დიდი შესვენება გამომივიდა.

საკმაოდ დამღლელი და სტრესული ერთი თვე მქონდა, ამის გამო იყო რომ ავიღე წერაზე ხელი. მაგრამ ახლა ნელ-ნელა დავლაგდები და დავუბრუნდები აქაურობას. იმდენი იდეა მიტრიალებს თავში, იმდენ რამეზე მინდა დავწერო და ხან უდროობა მაწუხებს, ხან მეზარება, ხან რა, ხან რა…..

მოკლედ რომ შევაჯამო, ამ ერთი თვის განმავლობაში დაკავებული ვიყავი მაგისტრატურის და სამსახურის საქმეებით.

  • პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, გავიგე ჩემი მაგისტრატურის გამოცდების ქულები.
    ანალიტიკური წერა – 22 ქულა 24-დან
    წაკითხულის გააზრება – 15 ქულა 21-დან
    ლოგიკური მსჯელობა – 12.2 ქულა 20-დან
    რაოდენობრივი მსჯელობა – სამარცხვინო 8.6 ქულა 17-დან 😀

რაც მთავარია ოთხივე ნაწილში გადავლახე ზღვარი და იმდენი მოვახერხე, რომ მათემატიკაში არ ჩავიჭერი 😀 რაც თავისთავად უკვე გმირობაა ჩემგან 😀 რა ვქნა, არ გამოგვდის მე და მათემატიკას მეგობრობა 😀 შესაბამისად, ამ 8.6-ითაც კი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი 🙂 თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავიჭერი და თურმე, როგორც მჩვევია ხოლმე, ტყუილად მიპანიკიორია 🙂 გამოცდების შესახებ ცხელ-ცხელი პოსტები ნახეთ აქ   და  აქ.

  • მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ გამოცდები კარგად ჩავაბარე, საბუთები შევიტანე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ჯიპაში, ჟურნალისტიკის და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. თუმცა გაირკვა, რომ ჯიპას ქართულენოვანი სექტორი გაუუქმებია და მხოლოდ ინგლისურენოვანი სექტორი იყო დარჩენილი. აქ ჩასაბარებლად კი მსურველებს ინგლისურის ტესტი Institutional TOEFL უნდა დაეწერათ და კომისიასთან გასაუბრება უნდა გაევლოთ ასევე ინგლისურად.  ეს რომ გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ Institutional TOEFL კი არა, Intermediate ტესტსაც კი ვერ დავწერ ალბათ თქო.

    საერთოდ სკოლაში და უნივერსიტეტში არასოდეს მისწავლია ინგლისური, მეორე კურსზე ვიყავი როცა ინგლისურში კერძოდ დავიწყე მომზადება და წერა-კითხვა და ძალიან მარტივი გრამატიკა ვისწავლე. მაშინ სიზარმაცის და მოტივაციის ნაკლებობის გამო დავანებე სწავლას თავი და იმის შემდეგ აღარც მივტრიალებივარ ამ ენას. მერე რადგანაც გერმანიაში ვერ წავედი  (ამაზე ცალკე დავწერ როდისმე 🙂 ) დავიწყე იმაზე ფიქრი სად გამეკეთებინა მაგისტრატურა და მაშინ შევარჩიე ზუსტად ჯიპა. რადგანაც ვიცოდი, რომ ჯიპაში სახელმძღვანელოები ინგლისურად უნდა ყოფილიყო, სპეციალურად დავიწყე ამ ენის სწავლა დაახლოებით 8-9 თვის წინ. დავიწყე სერიოზულად სწავლა და გულდასმით მეცადინეობა, მაგრამ 8 თვეში ისეთი სასწაულებიც არ ხდება, რომ უცებ TOEFL ჩააბარო 😀 ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი გამოცდის გამო. სულ მქონდა 3 კვირა სამეცადინოდ. ვერ ვიტყვი დიდად თავი მოვიკალი თქო მეცადინეობით, მაგრამ ყოველდღე ვაკეთებდი მოსასმენ ტესტებს, ვწერდი გრამატიკულ სავარჯიშოებს, ვუყურებდი ფილმებს, კომიქსებს, მულტფილმებს ინგლისურად, ყოველდღე ვსტუმრობდი BBC-ს ინგლისური ენის გაკვეთილების საიტს 🙂 არ ვიცი რამდენად მოვახერხე ცოდნის გაუმჯობესება, მაგრამ შეძლებისდაგვარად ძალისხმევა არ დამიშურებია 🙂   ჯიპას გასაუბრებაზე ხვალ დავწერ პოსტს.

  • ზუსტად ამ ერთ თვეშივე სრულიად მოულოდნელად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ გაზეთში, რომელიც ძალიან მომწონდა ყოველთვის და რომელსაც საკმაოდ კარგი სახელი და რეპუტაცია აქვს დღევანდელ გაფუჭებულ მედიას შორის 😀 ჯერ-ჯერობით საცდელი ვადით ვარ  და მერე ვნახოთ რა იქნება. ახლა მთლიანად ამ გაზეთზე ვარ გადართული, ყველანაირად ვცდილობ დავალებები პირნათლად შევასრულო 🙂 გაზეთის სახელს არ ვწერ, თუ ამ ყველაფერს კარგი დასასრული ექნება, მერე გავამხელ 🙂

    რა თქმა უნდა შეიძლებოდა ამ ყველაფერთან ერთად ბლოგზეც მეწერა ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ამ მხივ ცოტა ვიზარმაცე. თუმცა რაც მთავარია – აწი აღარ დავიკარგები 🙂

Why do I waste all my precious time?

ბოლო დროს საოცრად არაორგანიზებული გავხდი – დილით ათასი გეგმა მაქვს, ვაპირებ უამრავი რამის გაკეთებას მაგრამ რეალურად არაფერს ვაკეთებ, მთელი დღე უაზროდ გამყავს 😦 საღამოს აღმოვაჩენ, რომ ვერაფერს ვეღარ ვასწრებ, მეშლება ნერვი და მემილიონეჯერ ვდებ პირობას, რომ ხვალიდან უეჭველი გავაკეთებ ყველაფერს 😀


  • ივნისში დავამთავრე ინგლისურის კურსი და პირობა დავდე, რომ ყოველ დღე, თუნდაც ნახევარი საათი ვიმეცადინებდი. არადა, რა ძალიან მჭირდება ინგლისური მაგისტრატურისთვის 😦 თქვენი აზრით, რამდენჯერ გადავშალე ინგლისურის წიგნები? ჰოოოო, სწორია – არც ერთხელ!
  • პირობა დავდე, რომ კვირაში 3-ჯერ მაინც ვივარჯიშებდი მეტყველებაში. ვინც მიცნობს, უკვე მიჩვეულია ლაპარაკის ჩემებურად სწრაფ ტემპს  😀 მე დიდი სურვილი კი მაქვს ამ მხრივ რომ გამოვსწორდე, მაგრამ ბდგი-ფთქი-პტკის 10-ჯერ გამეორებას, კომპიუტერთან ჯდომა მირჩევია 😀 ალბათ უკვე მიხვდით – მეტყველებაში არც ერთხელ არ მიმეცადინია.
  • მომდევნო პუნქტი არ უკავშირდება რაიმეში ვარჯიშს ან სწავლას 🙂 სულ სხვაგვარი პრობლემა მაქვს – ყოველდღე ვაპირებ, რომ ფანჯრები გავწმინდო, მაგრამ სასტიკად მეჯავრება ეს ფანჯრების წმენდა და სულ ხვალისთვის ვდებ 😀 შესაბამისად, ყოველდღე ვისმენ ჩემი ქმარის საყვედურებს, რომ აი დღესაც არ გამიწმენდია ფანჯრები 😀 ამდენ ლაპარაკს თვითონ გაწმინდოს, არ ჯობია? 😛  რა ვქნა, ვაღიარებ – დავალაგებ მთელ სახლს, გავრეცხავ უამრავ ჭურჭელს, ჩავიბარებ მეზობლის აბეზარ ბავშვს… ოღონდ ფანჯრების წმენდა არ გამაგონოთ 😀  არ მიიღება რჩევები, რომ აი გაზეთით უკეთესად იწმინდება, რომ ჯერ ჟელეთი ჩამოვრეცხო და მერე საწმენდი სპრეითი, რომ მზიან ამინდში გავაკეთო და ა.შ.   მძაგს ეს პროცესი!
  • ყოველდღე ვაპირებ, რომ შევამცირო კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობა, თუმცა უშედეგოდ 🙂 ბოლოს ვასკვნი, რომ ძირითადად დროს კომპიუტერი მაკარგვინებს 😦 თუ ვინმემ რაიმე ეფექტური გზა იცით, მასწავლეთ რა 🙂 ვინ მოსთვლის რამდენ რამდენ რამეს ვაპირებ და არ ვაკეთებ…  სიზარმაცე მძლევს და კიდევ არაორგანიზებულობა. კარგად წაიკითხე, მააარ!!! 🙂