Tag Archive | GIPA

რეკლამის ფსიქოლოგია

გუშინ ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო სემინარზე. ჯიპამ სასერტიფიკატო კურსების დაწყების წინ რეკლამის სტრატეგიული და კრეატიული მენეჯმენტის თემაზე სემინარი ჩაატარა. პროგრამას რომ გადავხედე, ვფიქრე ყველაფერზე  მინდა დასწრება-მეთქი 😀 ბოლომდე დავრჩი და არც მინანია, თუმცა ისე დავიღალე, რომ ბოლო ორ  გამომსვლელს გამოშტერებული ვუსმენდი 😀

სხვადასხვა სარეკლამო კომპანიების არტ და კრეატიულმა დირექტორებმა სარეკლამო სტრატეგიაზე, სარეკლამო ფოტოზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე, კრეატიულ სტრატეგიაზე და სხვა კიდე ბევრ თემაზე თავისი მოსაზრებები გაგვაცნეს, საინტერესო ისტორები მოგვიყვნენ და კონკრეტული რეკლამებიც შეაფასეს.

პირადად ჩემთვის, ერთი დიდი სიამოვნებაა კარგად გადაღებული რეკლამის ნახვა. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო რეკლამის დროს ყველა თქვენგანს ნერვი ეშლება და ერთი სული აქვს როდის დასრულდება უკვე მობეზრებული და ათასჯერ ნანახი რეკლამები 😀 მეც თქვენ რიგებში ვარ 🙂 მაგრამ ხშირად youtube-ზე ვეძებ ხოლმე საინტერესო რეკლამებს და ჩემი ნებით ვუყურებ 😀 ასე ბევრად უფრო საინტერესო და სახასლისოა რეკლამების ყურება, ხომ მეთანხმებით? 🙂

სხვათაშორის, გუშინ გავიგე, რომ კომპანია FedEx-ის ლოგოს აქვს საინტერესო ისტორია. შეხედეთ სურათს და დაინახავთ, რომ E და x გადაბმის ადგილას თეთრ ისარს ქმნიან 🙂 რამდენჯერ მინახავს ეს ლოგო, მაგრამ აქამდე ამაზე არც კი მიფიქრია 🙂 როგორც გუშინ აგვიხსნეს, ეს წინ მიმართული ისარი ნიშნავს კომპანიის მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ.

საინტერესო იყო ასევე ქართული რეკლამების მათეული შეფასებები. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სარეკლამო სახედ დაასახელეს კახა კალაძე, რომელიც მაგთის რეკლამას აკეთებდა. მაგთი, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, სახალხო რეკლამებით იყო და არის ცნობილი და მისი “აქაცა რეკამს” და “ხო გადმოვრეკე, აი” ყველამ კარგად იცის, უცებ სარეკლამო სახედ გვთავაზობს პერსონას, რომელიც ფერარით დადის და არმანით იმოსება 😀 თავისთავად ცხადია, სარეკლამო სტრატეგია  ასე ალოგიკურად არ უნდა შეიცვალოს.

ასევე წარუმატებელ რეკლამად დაასახელეს ნატახტარის ლუდის “ტრიდე-ს” რეკლამა, რადგანაც რეკლამაში მოყვანილი კადრები სრულიად არ შეესაბამებოდა ლუდის დალევის შემდეგ მდგომარეობას ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ლუდს კედლებზე არ გაყავხარ და ენერგიას არ გმატებს, პირიქით – გთენთავს. აშკარად “ტრიდე-ს” შემქმნელებს ლუდი რედბულში აერიათ 😀

რაც შეეხება წარმატებულ ქართულ რეკლამას და სარეკლამო კამპანიას, დაასახელეს “თიბისი ბანკის” რეკლამა.

ალბათ ყველას გახსოვთ ეს თამაში, ედმონდ აბაშიძის მიერ დამარხულ ფულს რომ მთელი თბილისი ეძებდა და ბოლოს, 26 მარტს, საქართველო-ხორვატიის მატჩზე რომ იპოვა ბედნიერმა მოქალაქემ 😀 ისიც გეცოდინებათ, ამ თამაშმა რამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საზოგადოების რაღაც ნაწილს თიბისის მიმართ ნდობა დააკარგვინა, მაგრამ სარეკლამო კომპანიებმა ეს თამაში და მთელი კამპანია ორი ნიშნის გამო გამოარჩიეს – პირველი ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ Tbc ბანკში დეპოზიტების რაოდენობა 26 მილიონი ლარით გაიზარდა და როცა სხვა ბანკებში პირიქით, ანაბრების რაოდენობა კლებულობდა, თიბისიმ დეპოზიტები 6 %-ით გაზარდა. და მეორე, ეს რგოლი, რომელიც სარეკლამო კომპანია WINDFOR’S-მა დაამზადა, გახდა  მე-18 საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის Goldenrum-ის გამარჯვებული.

გუშინდელ სემინარზე  სარეკლამო სფეროში გადაბარგების სურვილიც კი გამიჩნდა 😀 მიუხედავად იმისა, რომ ყველა საქმე, რასაც არ უნდა აკეთებდე, დამღლელია, მაინც ვფიქრობ, რომ სარეკლამო კომპანია არის სამსახური, სადაც რაღაც მომენტში ერთობი და თან ფულს გიხდიან 😀 შეიძლება ვცდები კიდეც, როგორც იტყვიან, გარედან ყველაფერი ლამაზი ჩანს 😀

პირველი გამოცდა

დღეს ჯიპაში პირველი გამოცდა გვქონდა 🙂 ახლა უკვე ვიცი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ გუშინ ამ დროს ამ განწყობაზე ნამდვილად არ ვყოფილვარ 🙂 პირიქით, ზედმეტად ბევრსაც კი ვნერვიულობდი. იმდენად ბევრი რამ დაყვა ერთმანეთს, რომ ბოლოში ნერვიულობის მაგივრად, ისტერიულად ვიცინოდი 😀

გამოცდა გვქონდა ინტერნეტ-ტექნოლოგიებში, ჯერ დავწერეთ ტესტი და ორ დღეში უნდა მოგვემზადებინა პრეზენტაცია, რომელსაც წარვადგენდით ინგლისურად. აი ამ პუნქტის გამო განსაკუთრებულად ვნერვიულობდი 😀 ჩემი ინგლისური არ გაიშვას, მართლა რა 😀 დავიყავით ჯგუფებად, შევარჩიეთ თემები, ჯგუფში გავინაწილეთ საკითხები, ავაწყეთ პრეზენტაცია და უკვე რომ ვფიქრობდი, ახლა სახლში წავალ და ცოტას ვირეპეტიციებ მეთქი, უცებ რედაქციაში გავხდი გასასვლელი. სახლში 8-ის ნახევარზე იმდენად დაღლილი მივედი, რომ საათ-ნახევარი გათიშულს მეძინა 😀 ძილს რომ დავეხსენი და ძალიან ძლიერი ყავა რომ გავიკეთე, უცებ დენი წავიდა. ძალიან ძალიან გავბრაზდი 😦 ჩავრთე ნოუთბუქი, რომელიც, საბედნიეროდ, 2 საათი მაინც ძლებს. კავკაზუსში დარეკვებს, ლოდინს და ინტერნეტის გადაერთებებს აღარ ჩავთვლი 😀 ნუ, როგორც იქნა დავიწყე ტექსტის მომზადება. უცებ, სრულიად მოულოდნელად, 11 საათზე კავკაზუსმა “სასიამოვნო სიურპრიზი” მომიწყო და ახლა ინტერნეტი გამეთიშა 😦 არადა რაღაც სიტყვების სათარგმნად მჭირდებოდა ინტერნეტი. ამ დროს უკვე ისეთი ნერვებმოშლილი ვიყავი, მეტად გაბრაზების თავიც კი აღარ მქონდა 😀 ჩემს უიღბლობაზე უკვე სულელივით ვხარხარებდი 😀

აქვე რომ არ აღვნიშნო თელასის ეგრეთ წოდბული “ცხელი ხაზის” მეტად “ოპრატიული” მოქმედება, არ შემიძლია… ცხელი კი არა, ყველაზე დონდლო და უპასუხისმგებლო ხაზია ალბათ. თუ კი ყურმილს მაინც არავინ აიღებს, რაღას არქმევენ ცხელ ხაზს? ზოგადად, ამ ქვეყანაში სადმე ორგანიზაციაში რომ რეკავ, დიდი რკინის ნერვებია საჭირო. მაგრამ აი თელასი, ნამდვილად აუღებელი ციხე-სიმაგრეა…

ჩავაბარე და ამოვისუნთქე!!!! :)))))

ადრეც მქონდა რამდეჯერმე მცდელობა მაგათთან დაკავშირების მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივაღწიე იმას, რომ ვინმეს საერთოდ ტელეფონზე ეპასუხა.

ჩემს გამოცდას დავუბრუნდები ისევ 🙂 ამდენი განცდების შემდეგ, საბოლოოდ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ჩვენი ჯგუფის თემა იყო “სოციალური მედიაvs ტრადიციული მედია”. ჩემი საკითხი იყო “ქართული ჟურნალისტიკა სოციალური მედიის კვალდაკვალ”. თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტში ცოტა დაბნევას, მეტი ტრაგიკული არაფერი ჩამიდენია 😀

პირველი გამოცდა ჩავაბარე, ამ გადმოსახედიდან უკვე შემექმნა რაღაც წარმოდგენა ჯიპაზე. გარედან მაინც სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი, ზოგი რამ გამართლდა, ზოგიც არა, მაგრამ, რაც მთავარია, უკვე ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც  მინდოდა რომ ვყოფილიყავი (რა თქმა უნდა, ლაიფციგის უნივერსიტეტის შემდეგ, სადაც მინდოდა, რომ მაგისტრატურა გამეკეთებინა და რამის ისიც კი ზეპირად ვიცოდი, რომელ სემეტრში რა უნდა გვეკეთებინა 😀 ) – საინტერესო გარემოა, საინტერესო ლექტორებით და საინტერესო კურსელებით 🙂

ბოლოს მინდა ერთი ლინკი გაგაცნოთ 🙂  დღეს გამოცდაზე დაგვეწრო ამერიკიდან მოწვეული ლექტორი და ჯიპას მიმღები კომისიის ერთ-ერთი წევრი Keith R. Kenney, რომელმაც მოგვცა თავისი ბლოგის მისამართი და ამ ბლოგის თვალიერებისას უცებ გადავაწყდი ჯიპაში ჩვენი მიღებისას გავლილი გასაუბრებების შესახებ დაწერილ პოსტს 🙂 თუ თქვენც გაინტერესებთ რა შთაბეჭდილება დავტოვეთ ამ კაცზე და რამ გააოცა ყველაზე ძალიან, ესტუმრეთ მის ბლოგს 🙂 სხვათაშორის, საქართველოზეც უწერია პოსტები და როცა მოვიცლი, უნდა გადავხედო 🙂 ძალიან მაინტერესებს ხოლმე უცხოელების თვალით დანახული საქართველო 🙂

პოსტი სოფლიდან

ამ პოსტს სოფლიდან ვწერ. შაბათ-კვირას აქეთ წამოვედით, მოგეხსენებათ კახეთში ახლა რთველია დაწყებული 🙂 ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ჭაბუკიანში ვარ. თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრია. ეს არის ჩემი ქმრის სოფელი. ახლა ყველანი რთველში არიან წასულები. მე კიდევ მოვიდგი გვერდით ყავა, ლეპტოპი, მაგთი ფიქსი და შევუდექი მორიგი პოსტის წერას 🙂 დიდად არ მხიბლავს ყურძნის კრეფის პროცესი 😀 ეგეც არ იყოს და, სახლს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებდით 😀 მე კიდევ უსაქმოდ კი არ ვზივარ – ჩემი მოვალეობაა მოვხარშო ხორცი, არ ჩავაქრო ღუმელი და მივხედო სახლ-კარს 😀

ამის გარდა კიდევ იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სიზარმაცემ შემომიტია და ჩემი სამსახურის საქმეების მიხედვას ბლოგზე წერას ვამჯობინებ 😀 არადა დიქტაფონიდან ორი  ინტერვიუ მაქვს გასაშიფრი, ერთი 30 წუთიანი, მეორე 40 წუთიანი. ამის გარდა, უნდა გადავხედო რაღაც მასალებს, რომლის გარეშეც სტატიას ვერ დავწერ, ან თუ დავწერ ნაკლებად საინტერესო იქნება. სიზარმაცის განდევნის რაიმე ეფექტური გზა არ იცით? იდეა შემომთავაზეთ 🙂

სახლში ახლა მე, ჩაკი, ჩოპრა და კოღოები ვართ 😀

ჩოპრა და ჩაკი

უკვე საშინლად ვარ დაკბენილი, ერთი წუთით არ მტოვებენ, სულ თავზე დამტრიალებენ 😀 ჩაკი და ჩოპრა ჩვენი ძაღლები არიან, უბრალოდ ძაღლები კი არა, ძალიან ჭკვიანი ძაღლები:) ისე უყვართ მოფერება, რომ ხან ვფიქრობ, ფისოები უფრო არიან ვიდრე ძაღლები თქო 🙂

საღამოს თბილისში წავალთ, თორნიკეს სამსახური აქვს, მე კიდევ სწავლა მეწყება 🙂 დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩაივლის პირველი დღე 🙂 სწავლა კვირაში 3 დღე გვექნება და იმედი მაქვს, მუშაობაში ხელი არ შემეშლება 🙂


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ…..

ერთი თვეა აღარაფერი დამიწერია ბლოგზე, დიდი შესვენება გამომივიდა.

საკმაოდ დამღლელი და სტრესული ერთი თვე მქონდა, ამის გამო იყო რომ ავიღე წერაზე ხელი. მაგრამ ახლა ნელ-ნელა დავლაგდები და დავუბრუნდები აქაურობას. იმდენი იდეა მიტრიალებს თავში, იმდენ რამეზე მინდა დავწერო და ხან უდროობა მაწუხებს, ხან მეზარება, ხან რა, ხან რა…..

მოკლედ რომ შევაჯამო, ამ ერთი თვის განმავლობაში დაკავებული ვიყავი მაგისტრატურის და სამსახურის საქმეებით.

  • პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, გავიგე ჩემი მაგისტრატურის გამოცდების ქულები.
    ანალიტიკური წერა – 22 ქულა 24-დან
    წაკითხულის გააზრება – 15 ქულა 21-დან
    ლოგიკური მსჯელობა – 12.2 ქულა 20-დან
    რაოდენობრივი მსჯელობა – სამარცხვინო 8.6 ქულა 17-დან 😀

რაც მთავარია ოთხივე ნაწილში გადავლახე ზღვარი და იმდენი მოვახერხე, რომ მათემატიკაში არ ჩავიჭერი 😀 რაც თავისთავად უკვე გმირობაა ჩემგან 😀 რა ვქნა, არ გამოგვდის მე და მათემატიკას მეგობრობა 😀 შესაბამისად, ამ 8.6-ითაც კი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი 🙂 თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავიჭერი და თურმე, როგორც მჩვევია ხოლმე, ტყუილად მიპანიკიორია 🙂 გამოცდების შესახებ ცხელ-ცხელი პოსტები ნახეთ აქ   და  აქ.

  • მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ გამოცდები კარგად ჩავაბარე, საბუთები შევიტანე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ჯიპაში, ჟურნალისტიკის და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. თუმცა გაირკვა, რომ ჯიპას ქართულენოვანი სექტორი გაუუქმებია და მხოლოდ ინგლისურენოვანი სექტორი იყო დარჩენილი. აქ ჩასაბარებლად კი მსურველებს ინგლისურის ტესტი Institutional TOEFL უნდა დაეწერათ და კომისიასთან გასაუბრება უნდა გაევლოთ ასევე ინგლისურად.  ეს რომ გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ Institutional TOEFL კი არა, Intermediate ტესტსაც კი ვერ დავწერ ალბათ თქო.

    საერთოდ სკოლაში და უნივერსიტეტში არასოდეს მისწავლია ინგლისური, მეორე კურსზე ვიყავი როცა ინგლისურში კერძოდ დავიწყე მომზადება და წერა-კითხვა და ძალიან მარტივი გრამატიკა ვისწავლე. მაშინ სიზარმაცის და მოტივაციის ნაკლებობის გამო დავანებე სწავლას თავი და იმის შემდეგ აღარც მივტრიალებივარ ამ ენას. მერე რადგანაც გერმანიაში ვერ წავედი  (ამაზე ცალკე დავწერ როდისმე 🙂 ) დავიწყე იმაზე ფიქრი სად გამეკეთებინა მაგისტრატურა და მაშინ შევარჩიე ზუსტად ჯიპა. რადგანაც ვიცოდი, რომ ჯიპაში სახელმძღვანელოები ინგლისურად უნდა ყოფილიყო, სპეციალურად დავიწყე ამ ენის სწავლა დაახლოებით 8-9 თვის წინ. დავიწყე სერიოზულად სწავლა და გულდასმით მეცადინეობა, მაგრამ 8 თვეში ისეთი სასწაულებიც არ ხდება, რომ უცებ TOEFL ჩააბარო 😀 ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი გამოცდის გამო. სულ მქონდა 3 კვირა სამეცადინოდ. ვერ ვიტყვი დიდად თავი მოვიკალი თქო მეცადინეობით, მაგრამ ყოველდღე ვაკეთებდი მოსასმენ ტესტებს, ვწერდი გრამატიკულ სავარჯიშოებს, ვუყურებდი ფილმებს, კომიქსებს, მულტფილმებს ინგლისურად, ყოველდღე ვსტუმრობდი BBC-ს ინგლისური ენის გაკვეთილების საიტს 🙂 არ ვიცი რამდენად მოვახერხე ცოდნის გაუმჯობესება, მაგრამ შეძლებისდაგვარად ძალისხმევა არ დამიშურებია 🙂   ჯიპას გასაუბრებაზე ხვალ დავწერ პოსტს.

  • ზუსტად ამ ერთ თვეშივე სრულიად მოულოდნელად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ გაზეთში, რომელიც ძალიან მომწონდა ყოველთვის და რომელსაც საკმაოდ კარგი სახელი და რეპუტაცია აქვს დღევანდელ გაფუჭებულ მედიას შორის 😀 ჯერ-ჯერობით საცდელი ვადით ვარ  და მერე ვნახოთ რა იქნება. ახლა მთლიანად ამ გაზეთზე ვარ გადართული, ყველანაირად ვცდილობ დავალებები პირნათლად შევასრულო 🙂 გაზეთის სახელს არ ვწერ, თუ ამ ყველაფერს კარგი დასასრული ექნება, მერე გავამხელ 🙂

    რა თქმა უნდა შეიძლებოდა ამ ყველაფერთან ერთად ბლოგზეც მეწერა ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ამ მხივ ცოტა ვიზარმაცე. თუმცა რაც მთავარია – აწი აღარ დავიკარგები 🙂