Tag Archive | Yahoo

Any question? Ask Google!


რომელ საძიებო სისტემას მიმართავთ, როდესაც ინტერნეტში რაიმეს ეძებთ? დიდი ალბათობაა, რომ თქვენი პასუხი იყოს Google 🙂 თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ თქვენ ჩემნაირი და კიდევ ძალიან ბევრნაირი ადამიანის მსგავსი ყოფილხართ 😀 პირად მაგალითს მოვიყვან – როდესაც Google-ში რაიმეს ვეძებ, არასოდეს მომდის თავში იდეა, რომ ეს ინფორმაცია სხვა საძიებო სისტემაშიც, მაგალითად Yahoo-ზეც მოვძებნო. არადა, თეორიულად არის შანსი, რომ Yahoo-მაც არანაკლებ სასარგებლო საიტები მომაწოდოს.

თუ დაფიქრებულხართ როგორი მნიშვნელოვანია საძიებო სისტემები? ინტერნეტი დღეს განუზომლად პოპულარულია. ეს არის ქსელი, რომელიც მილიონობით ვებ-გვერდს და პორტალს აერთიანებს. რაც უფრო მეტი საიტი იქმნება, მით უფრო მატულობს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციების სიმრავლე. დღეს უკვე არ არის დარჩენილი თემა და საკითხი, რომელზეც ადამიანი ვირტუალურ სამყაროში ინფორმაციას ვერ მოიძიებს. ვებ-გვერდების სიმრავლემ და ჭარბმა ინფორმაციამ კი ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება გაართულა, თავისთავად ცხადია, ინტერნეტში ღირებულთან ერთად, ხშირად არასაჭირო და სრულიად უსარგებლო ინფორმაციებსაც ვაწყდებით. ამიტომაც არის, რომ დღეს ხშირად ინტერნეტს „ინფორმაციულ ნაგავსაც“ უწოდებენ.

Google კონკურენტებს შეჭმით ემუქრება 😀

ფაქტია, რომ ადამიანებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ იკთხონ ყველანაირი ინფორმაცია და მის გადახარისხებაში დრო დაკარგონ. მათ, ზოგ შემთხვევაში, არც იციან სად მოძებნონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. სწორედ ამისთვის არსებობს საძიებო სისტემები, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს გაუადვილდეთ სასურველი საიტის მოძებნა და ინფორმაციის გადახარისხება.

პირველი საძიებო სისტემა 1989 წელს ალან ემტეიჯმა შექმნა, თუმცა ის არ იყო დღევანდელი საძიებო სისტემების მსგავსი. მის მიერ შექმნილი პროგრამა ირთვებოდა ავტომატურად და მხოლოდ მონაცემთა ბაზის სისტემატიზაციას ახდენდა. პირველი სრულყოფილი საძიებო სისტემა ემტეიჯმა 1991 წელს შექმნა, ეს იყო Archie, რომელიც მალე საკმაოდ პოპულარული გახდა.


დღეს საძიებო სისტემებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზე  უდავოდ Google დგას. მისმა პოპულარულობამ დიდი ხანია დაჩრდილა და გადაფარა არანაკლებ ეფექტური Yahoo, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს Google გვევლინება წამყვან საძიებო სისტემად. მისი წარმატება კი რამდენიმე ფაქტორმა ერთად განაპირობა.


მარტივი ინტერფეისი, კარგი ალგორითმი, ძებნის კრიტერიუმები, ენების მხარდაჭერა მის პოპულარობას განაპირობებს. Google დღეს სარეიტინგო სისტემის როლსაც კი ასრულებს – საძიებო რეზულტატში პირველ ადგილზე ამოსულ საიტს მომხმარებელი უფრო სანდოდ მიიჩნევს.  Google-ის პოპულარულობა იმითაც ჩანს, რომ ხსვადასხვა ენაში უკვე გაჩნდა ზმნა „დაგუგლვა“, დღეს საქართველოში არაერთხელ გაიგონებთ ამ სიტყვას, თუმცა მისი ლექსიკონში შეტანა ჯერ არავის უფიქრია, თუმცა ამის მცდელობა უკვე ჰქონდათ გერმანელებს. მათ სურდათ ცნობილ გერმანულ-გერმანულ განმარტებით ლექსიკონ Duden-ში ახალი ზმნა Googeln ჩაეწერათ, თუმცა Google-ის ხელმძღვანელებმა არ ისურვეს კომპანიის სახელის ზმნად გადაკეთება. ამის მიუხედავად, გერმანელები მაინც აქტიურად განაგრძობენ ამ „ზმნის“ გამოყენებას.

დროთა განმავლობაში Google-მა სხვა პროდუქტების შექმნა დაიწყო, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. დღეს Google არის არა მარტო საძიებო სისტემა, არამედ Google Mail-ის, Picasa-ს, Android-ის, Google Doc-ის, Google Chrome-ის, Google Talk-ის, Google Translate-ს, Google Earth-ის, Google Wallet-ის, Google Plus-ის დამარსებელი, Youtube-ის და Blogger-ის მფლობელი. კომპანია, რომელსაც 13 წელი სულ ახლახანს შეუსრულდა, გვევლინება უძლიერეს სისტემად, რომელსაც მოპოვებული აქვს მომხმარებელთა ნდობა – სტატისტიკის მიხედვით, Google-ს 90%-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს. Yahoo-ს და Bing-ს კი მხოლოდ 3.5 %.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ Statcounter.com-ის გრაფიკი.

Advertisements